საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის, თეა წულუკიანის განცხადებით, მას დიდი იმედი აქვს, რომ ევროკავშირი საქართველოს კანდიდატი ქვეყნის სტატუსს მიანიჭებს.
წულუკიანის თქმით, საქართველო იმსახურებს ამ სტატუსის მინიჭებას, ისევე როგორც მოლდოვა და უკრაინა.
"რასაკვირველია, როგორც ამ ქვეყნის შვილს და როგორც პრაქტიკულად მოზარდობის ასაკიდან დასავლეთ ევროპაში გაზრდილ ადამიანს, ძალიან დიდი იმედი მაქვს ევროპის, ევროპელი ერების და იმ მმართველების, რომლებიც ევროკავშირს მართავენ. მე მაქვს მათი დიდი იმედი. კერძოდ, იმედი მაქვს, რომ ისინი უერთგულებენ ფუძემდებელი მამების იდეოლოგიას, იდეებსა და ღირებულებებს, რომლებმაც ჯერ ევროსაბჭო შექმნეს და დააფუძნეს, შემდეგ უკვე პრაქტიკულად ევროსაბჭოს ბაზიდან წამოვიდა ევროკავშირი, იქნება ეს დროშა თუ სხვა ატრიბუტიკა. იმედი მაქვს, აი, მათი ერთგული იქნება ევროპელი მმართველების ამჟამინდელი თაობა და საქართველოს მიანიჭებენ იმას, რაც მას ისტორიულად და სამართლიანად ეკუთვნის. ეს ისტორიული სამართლიანობა არ მოიცავს მხოლოდ წარსულს, არის დაფუძნებული აწმყოზეც. ჩვენ ამ სტატუსს მივიღებთ, რასაკვირველია მოლდოვასა და უკრაინასთან ერთად. აი ეს არის ჩემი მოლოდინი", - განაცხადა თეა წულუკიანმა.