საქართველოს მეცნიერების, განათლებისა და კულტურის მუშაკთა პროფესიული კავშირის ინფორმაციით, დღეს, 24 მაისს, შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმიდან, მიმდინარე რეორგანიზაციის ფარგლებში, 40-მდე თანამშრომელი გაათავისუფლეს.
პროფკავშირებითანამშრომელთა გათავისუფლებას უკანონოდ მიიჩნევს.
"ამ ეტაპზე, გათავისუფლებულ იქნა ეროვნული მუზეუმის 40-მდე თანამშრომელი - მაღალი დონის პროფესიონალების გუნდი. ასევე, მათ სიაში შედის საქართველოს მეცნიერების, განათლებისა და კულტურის პროფესიული კავშირის თავმჯდომარე - ნიკოლოზ წიქარიძე და კავშირის სხვა წევრები. გათავისუფლებულ თანამშრომელთა სიაში არიან ის მეცნიერები, რომლებიც მონაწილეობენ უმნიშვნელოვანეს პროექტებში", - აღნიშნულია პროფკავშირების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
პროფესიულ კავშირს მიაჩნია, რომ რეორგანიზაცია დამსაქმებლის მხრიდან გაუმჭვირვალედ და არაკეთილსინდისიერად ტარდება.
პროფკავშირი მოითხოვს, მუზეუმის ხელმძღვანელობის მხრიდან პროცესის შეჩერებას და გადაწყვეტილების გადახედვას, ასევე, მათ აქტიურ ჩართვას პროცესში.
"პროფესიული კავშირის წევრები შეიკრიბებიან და მიიღებენ გადაწყვეტილებას ბრძოლის გზებზე. ჩვენი ორგანიზაცია აუცილებლად ბოლომდე იბრძოლებს დასაქმებულების უფლებების დასაცავად", - აღნიშნულია განცხადებაში.