უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა უკრაინაში ომის გამო ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.
სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ მიმართვაში, ვიქტორ ორბანმა აღნიშნა, ომმა, რომელსაც დასასრული არ უჩანს უზარმაზარი ეკონომიკური შოკი გამოიწვია.
"ჩვენ ვხედავთ, რომ ომმა და ბრიუსელის სანქციებმა გამოიწვია უზარმაზარი ეკონომიკური შოკები და ფასების მკვეთრი ზრდა. მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის ზღვარზეა. მთავრობა, რომელიც იყენებს კონსტიტუციით მინიჭებულ უფლებას, შუაღამიდან (25 მაისი) აცხადებს საგანგებო მდგომარეობას", - განაცხადა პრემიერმა და დასძინა, რომ უკრაინის ომი საფრთხეს უქმნის უნგრეთის ენერგეტიკულ და ფინანსურ უსაფრთხოებას.
ორბანმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ უნგრეთი უნდა დარჩეს ამ ომისგან დისტანცირებული და დაიცვას უნგრელი ოჯახების ფინანსური უსაფრთხოება. მისი თქმით, ამას მანევრირებისა და დაუყოვნებელი მოქმედების სივრცე სჭირდება, რის გამოც საჭირო გახდა საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება.
შეგახსენებთ, უნგრეთი ეწინააღმდეგება რუსული ნავთობის იმპორტზე ემბარგოს დაწესებას, რომელიც განიხილება ევროკავშირის სანქციების მეექვსე პაკეტის ნაწილად რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის გამო. ბუდაპეშტი ამტკიცებს, რომ აკრძალვა დიდ ზიანს მიაყენებს უნგრეთის ეკონომიკას.
იუწყებიან, რომ ევროკავშირი უნგრეთსა და რამდენიმე სხვა ქვეყანას სთავაზობს იმ დანახარჯების ანაზღაურებას, რომელიც მათ რუსულ ნავთობზე უარის შემდეგ მიადგებათ.
Financial Times-ის ცნობით, ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელისადმი მიწერილ წერილში ორბანმა ითხოვა, არ განეხილათ რუსული ნავთობის აკრძალვა ბლოკის ლიდერთა სამიტზე მომავალ კვირას.
უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ ქვეყანა არ დაუჭერს მხარს ნავთობის ემბარგოს მანამ, სანამ ბრიუსელი ბუდაპეშტს არ მიაწვდის დეტალურ ინფორმაციას ფინანსური დახმარების შესახებ.