"ჩვენ და ჩვენი კოლეგები მზადყოფნას გამოვთქვამთ, რათა დავადასტუროთ ოპოზიციის მხრიდან მხარდაჭერა, რომ საქართველომ მიიღოს კანდიდატის სტატუსი-ამიტომ, ჩვენ მოვამზადეთ საერთო წერილი ევროკავშირის ხელმძღვანელების სახელზე“,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, ლევან იოსელიანმა პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის- „მოქალაქეები“ წევრმა ოპოზიციის ინიციატივაზე ისაუბრა. მისი თქმით, ჩვენი ქვეყნის ევროპულ მომავალთან დაკავშირებით, ოპოზიცია ერთიანია. მისივე თქმით, ტექსტზე მუშაობა გრძელდება და საქართველოს ევროპულ მომავალთან დაკავშირებით ერთიანობას ოპოზიცია ამ დოკუმენტზე ხელმოწერით დაადასტურებს.
„გავიგე, რომ თურმე ოპოზიციაში არის ხალხი, ვისაც არ უნდა, რომ საქართველომ კანდიდატის სტატუსი მიიღოს - ასეთ ბრალდებები წამოვიდა. ეს პერსონალურად ჩემთვის შეურაცხმყოფელია და მაინტერესებს, ვინ არიან ეს ადამიანები. მათი სახელები და გვარები უნდა ითქვას. ამიტომ, ჩვენ მოვამზადეთ საერთო წერილი ევროკავშირის ხელმძღვანელების სახელზე, სადაც უკლებლივ, ჩემი კოლეგები, მზადყოფნას გამოთქვამენ, რომ დავადასტუროთ ჩვენი მხარდაჭერა ოპოზიციის მხრიდან, რომ საქართველომ მიიღოს კანდიდატის სტატუსი, რომ ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა და ეს არის ჩვენი უალტერნატივო არჩევანი, რომ რამე კითხვის ნიშანი არ გაჩნდეს იმასთან დაკავშირებით, ოპოზიციაში არის თუ არა პოლიტიკური ჯგუფი, დეპუტატი, რომლისთვისაც ეს სტატუსი არ არის მნიშვნელოვანი, ან უფრო მნიშვნელოვანია სხვა რამე, ვიდრე დღეს ეს გამოწვევა. ამიტომ, ჩვენ ვაპირებთ გავაგრძელოთ ტექსტი, რომელზეც საბოლოო შეთანხმებას, ალბათ, რამდენიმე ხანში მივაღწევთ. ეს ტექსტი გადაეცემა მედიასაც და ამ ტექსტს მოვაწერთ ხელს.
მინდა, ყველამ იცოდეს, რომ როგორი განსხვავებული აზრიც არ უნდა გაგვაჩნდეს ჩვენ მმართველ პარტიასთან, ბევრ საკითხებში, არის საკითხები, რაც ჩემთვის, როგორც მოქალაქისთვის, როგორც ოპოზიციონერისთვის, ყველაფერზე უფრო მაღლა დგას და ეს არის ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავალი.
ამ სულისკვეთებაში მე და ჩემი კოლეგები ვართ ერთიანი და ერთიანობას ჩვენ ამ დოკუმენტზე ხელის მოწერით აუცილებლად დავადასტურებთ“,- განაცხადა ლევან იოსელიანმა.