უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება აცხადებს, რომ უკრაინას ჯერ კიდევ არ აქვს საკმარისი იარაღი და საბრძოლო მასალა.
"ნაადრევია დავასკვნათ, რომ უკრაინას უკვე აქვს ყველა საჭირო იარაღი. რუსეთის შეტევა დონბასში არის დაუნდობელი ბრძოლა, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ყველაზე დიდი ბრძოლა ევროპის ტერიტორიაზე. მოვუწოდებ პარტნიორებს, დააჩქარონ იარაღისა და საბრძოლო მასალის მოწოდება, განსაკუთრებით ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემების, შორ მანძილზე მოქმედი არტილერიისა და ჯავშანტრანსპორტიორების", - წერს კულება სოციალურ ქსელში.
შეგახსნებთ, 23 მაისს უკრაინის სამხედრო დახმარების კოორდინაციის მართვის ცენტრის შეხვედრა გაიმართა. აღნიშნული პლატფორმა ამერიკის შეერთებული შტატების ინიციატივით შეიქმნა და ამ დროისთვის 40-ზე მეტ ქვეყანას აერთიანებს.
გუშინდელ შეხვედრაზე ცნობილი გახდა, რომ 20-მა ქვეყანამ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი მოამზადა. შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე, აშშ-ის თავდაცვის მდივან ოსტინის თქმით, ქვეყნების ნაწილი უკრაინას ხომალდსაწინააღმდეგო რაკტებს, ტანკებს, ვერტმფრენებს, საარტილერიო სისტემებსა და სხვა შეიარაღებას გადასცემს.
ამავე შეხვედრაზე ცნობილი გახდა, რომ დანია უკრაინას Harpoon-ის ტიპის ხომალდსაწინააღმეგო რაკეტებს და გამშვებ დანადგარებს გადასცემს. ასევე ჩეხეთი უკრაინას საბრძოლო ვერტმფრენებს, ტანკებსა და სარაკეტო სისტემებს, იტალია და საბერძნეთი კი საარტილერიო სისტემებს მიაწვდის.