"მე ღრმად მწამს, რომ ჩვენ ახლა ხელიდან ვუშვებთ უზარმაზარ შესაძლებლობას იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენი თავდაცვის ძალები გახდეს უფრო ძლიერი უკრაინის დახმარებით. ახლა გვაქვს უნიკალური შესაძლებლობა გავაკეთოთ იგივე, რასაც აკეთებს პოლონეთი, ჩეხეთი, სლოვაკეთი. ერთის მხრივ დავეხმაროთ ბრძოლაში ჩართულ ჩვენს მეგობარს და სტრატეგიულ მოკავშირეს-უკრაინას საერთო მტრის წინააღმდეგ ბრძოლაში და გავაძლიეროთ და მეორე მხრივ მოვახდინოთ ჩვენი ეფექტური გადაიარაღება", - ამის შესახებ საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „მოქალაქეები“ თავმჯდომარემ ალეკო ელისაშვილმა პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
ალექსანდრე ელისაშვილის განცხადებით, ხელისუფლებამ უნდა გამოიყენოს შანსი, გამოიყენოს პოლონეთის, ჩეხეთის და სლოვაკეთის გამოცდილება და თანამედროვე სტანდარტების შეიარაღება მიიღოს.
"ათწლიანი გეგმა გვაქვს შემუშავებული ჩვენი თავდაცვის ძალების გაძლიერების და იქ გვაქვს გაწერილი როგორ უნდა მოხდეს ამ ათი წლის მანძილზე ჩვენს შეიარაღებაში არსებული ძირითად საბჭოური იარაღის ჩანაცვლება ნატოს სტანდარტების შესაბამისი იარაღით.
პოლონეთი აწვდის საბჭოურ იარაღს, რომელიც ასე ნაცნობია უკრაინელებისთვის უკრაინას და სანაცვლოდ, შეერთებული შტატებისგან, ბრიტანეთისგან იღებს ეფექტურ, თანამედროვე სტანდარტების შეიარაღებას. იგივე შეგვიძლია გავაკეთოთ ჩვენ. მოვიშოროთ საბჭოური ჯართი და გადავცვალოთ ეფექტურ შეიარაღებაში.
პრობლემა იმაშია, რომ სურვილს ვერ ვხედავ ჩვენი ხელისუფლების, რომ რამით დავეხმაროთ უკრაინას“,-განაცხადა ალექსანდრე ელისაშვილმა.