აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ ომი უკრაინაში უფრო მეტია, ვიდრე ევროპული პრობლემა.
მან აღნიშნული განცხადება ტოკიოში ე.წ. ოთხეულის წევრი ქვეყნების ლიდერთა შეხვედრაზე გააკეთა. იუწყება Reuters. ინდოეთ-წყნარი ოკეანის რეგიონის ქვეყნების ოთხეული აშშ-ს, იაპონიას, ავსტრალიას და ინდოეთს აერთიანებს.
„უკრაინაში რუსეთის სასტიკმა და არაპროვოცირებულმა ომმა ჰუმანიტარული კატასტროფა გამოიწვია, ქუჩებში უდანაშაულო ადამიანები დახოცეს, მილიონობით ლტოლვილი იძულებით გადაადგილებული ან გადასახლებულია. ეს უფრო მეტია, ვიდრე ევროპული პრობლემა, ეს გლობალური პორბლემაა", - განაცხადა ბაიდენმა.
მან აღნიშნა, რომ ვაშინგტონისა და მოკავშირეების მიზანია შეიქმნას თავისუფალი და ღია ინდოეთ-წყნარი ოკეანის რეგიონი. მისი თქმით, უკრაინაზე რუსეთის თავდასხმა, ზრდის ამ მიზნების მნიშვნელობას საერთაშორისო წესრიგის, ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის ფუნდამენტური პრინციპებისთვის.
სამიტის ფარგლებში, ჯო ბაიდენი მოლაპარაკებება გამართავს ინდოეთის პრემიერ-მინისტრ ნარენდრა მოდისთან. ინდოეთი მიმდინარე სამიტის ერთადერთი მონაწილეა, რომელმაც უკრაინაში რუსეთის ინტერვენცია ღიად არ დაგმო და მოსკოვს სანქციები არ დაუწესა.