ჟურნალმა Time-მა 2022 წლის 100 ყველაზე გავლენიანი ადამიანი დაასახელა.
2022 წლის 100 ყველაზე გავლენიანი ადამიანი გამოცემამ სხვადასხვა კატეგორიის მიხედვით დაჰყო. ესენია: კერპები (icons), პიონერები, ტიტანები, ხელოვანები, ლიდერები, ნოვატორები.
ხელოვანების კატეგორიას კანადელი მსახიობი სიმუ ლიუ ლიდერობს. ამავე კატეგორიაში მოხვდნენ მსახიობები ენდრიუ გარფილდი, ზოი კრავიცი, სარა ჯესიკა პარკერი, მილა კუნისი და სხვები.
ნოვატორების კატეგორიას მსახიობი ზენდეია ლიდერობს. ამავე კატეგორიაში ასევე მოხვდა მოდის სახლ Balenciaga-ს ქართველი კრეატიული დირექტორი, დემნა გვასალია.
ტიტანების კატეგორიას Apple-ის აღმასრულებელი დირექტორი ტიმ კუკი ლიდერობს. ამავე კატეგორიაში მოხვდნენ ტელეწამყვანი ოპრა უინფრი და ევროპის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტი კრისტინ ლაგარდი.
ლიდერების კატეგორიას ბარბადოსის ქალი პრემიერ-მინისტრი მია მოტლი ლიდერობს. ამავე კატეგორიაში მოხვდნენ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, შეერთებული შტატების, ჩინეთისა და რუსეთის პრეზიდენტები - ჯო ბაიდენი, სი ძინპინი და ვლადიმირ პუტინი, ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი, გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი, პერუს პრეზიდენტი გაბრიელ ბორიჩი, უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მეთაური გენერალი ვალერი ზალუჟნი.
კერპების კატეგორიას ამერიკელი მომღერალი მერი ჯეი ბლაიჯი ლიდერობს. ამავე კატეგორიაში მოხვდნენ რუსი ჟურნალისტი, "ნოვაია გაზეტას" რედაქტორი, ნობელის პრემიის ლაურეატი მშვიდობის დარგში დმიტრი მურატოვი, ამერიკელი მსახიობი კიანუ რივზი, ბრიტანელი მომღერალი ადელი, ჩოგბურთელი რაფაელ ნადალი და სხვები.
გავლენიანი ადამიანების ასეული სრულად იხილეთ ბმულზე.