ჟენევაში გაეროში რუსეთის მუდმივი წარმომადგენლობის მრჩეველმა ბორის ბონდარევმა, უკრაინაში პუტინის მიერ გაჩაღებული ომისადმი პროტესტის ნიშნად, თანამდებობა დატოვა.
ბონდარევის თანამდებობიდან წასვლის თაობაზე ინფორმაცია თავდაპირველად UN Watch-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ჰილელ ნეიერმა გაავრცელა. მოგვიანებით, რუსმა დიპლომატმა ინფორმაცია დაადასტურა.
ბონდარევის თქმით, რომ ოცწლიანი დიპლომატიური კარიერის განმავლობაში ბევრი რამ უნახავს, მაგრამ "არასდროს არ შერცხვენია თავისი ქვეყნის გამო", როგორც ახლა "უკრაინაში პუტინის მიერ გაჩაღებული აგრესიული ომის გამო".
მისივე განცხადებით, უკრაინაში რუსეთის მიერ წარმოებული ომი არამხოლოდ უკრაინელი ხალხის წინააღმდეგაა მიმართული, არამედ "ყველაზე სერიოზული დანაშაულია რუსი ხალხის წინააღმდეგ".
ბონდარევი თავის წერილში იმასაც აღნიშნავს, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში სიცრუისა და არაპროფესიონალიზმის დონე ახალ მასშტაბებს აღწევს. "მინისტრი სერგეი ლავროვი ამ სისტემის დეგრადაციის კარგი ილუსტრაციაა", - დასძენს ბონდარევი.