კიევის სასამართლომ მშვიდობიანი მოქალაქის მკვლელობისთვის რუს სამხედროს, 21 წლის ვადიმ შიშიმარინს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა.
შიშიმარინმა დანაშაული აღიარა და მოკლულის ცოლს პატიება სთხოვა. ის პირველი რუსი სამხედროა, რომელიც უკრაინაში ომის დანაშაულის გამო გაასამართლეს.
უკრაინის პროკურატურის თანახმად, ვადიმ შიშიმარინმა სხვა რუს სამხედროებთან ერთად საზღვარი სუმის ოლქში 24 თებერვალს გადაკვეთა. 28 თებერვალს სოფელ კამიშის მახლობლად, კოლონა, რომელშიც შიშიმარინი იმყოფებოდა, დამარცხდა. ის და მისი კოლეგები საზღვარზე ბრუნდებოდნენ და გზად ავტომობილი მოიპარეს, რომელიც მანამდე დაცხრილეს.
გზად დაინახეს მამაკაცი, რომელიც ტელეფონზე საუბრობდა. შიშიმარინმა, მანქანიდან გადმოსვლის გარეშე, მას ავტომატიდან რამდენიმეჯერ ესროლა. მამაკაცი თავის არეში მიყენებული ტყვიით გარდაიცვალა.
შიშიმარინი ირკუტსკიდანაა, მსახურობდა მოსკოვის რეგიონის მე-4 სატანკო სამმართველოში რაზმის მეთაურად.