ბელგიამ მაიმუნის ყვავილით ინფიცირებულებისთვის კარანტინი დააწესა. ქვეყანაში დაავადების ოთხი შემთხვევაა დაფიქსირებული. ინფორმაციას Politico ავრცელებს.
ბელგია პირველი ქვეყანაა რომელმაც მაიმუნის ყვავილით ინფიცირებულთათვის 21-დღიანი კარანტინი შემოიღო.
ბელგის ჯანდაცვის უწყებამ შესაბამისი გადაწყვეტილება პარასკევს, 20 მაისს მიიღო. მაიმუნის ყვავილით დაავადებულთა კონტაქტებისთვის კი თვითიზოლაცია სავალდებულო არ არის, მაგრამ უნდა გამოიჩინოს სიფრთხილე, განსაკუთრებით თუ მათ კონტაქტი აქვთ მოწყვლად ადამიანებთან.
შაბათს, 21 მაისს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ განაცხადა, რომ 12 ქვეყანაში დადასტურებულია 92 შემთხვევა, 28 საეჭვო შემთხვევას კი იკვლევენ. მაიმუნის ყვავილის შემთხვევები დადასტურებულია დიდი ბრიტანეთში, პორტუგალიაში, შვედეთში, იტალიაში, ესპანეთში, საფრანგეთში, ბელგიაში, გერმანიაში, აშშ-ში, კანადასა და ავსტრალიაში.
მაიმუნის ყვავილი იშვიათი ვირუსული ინფექციაა, რომელიც ჩვეულებრივ მსუბუქად მიმდინარეობს და დაავადებული ადამიანების უმეტესობა გამოჯანმრთელდება რამდენიმე კვირაში.
მაიმუნის ყვავილს პოქსვირუსი იწვევს. პოქსვირუსი იმავე გვარსა და ოჯახს მიეკუთვნება, რომელსაც ყვავილის გამომწვევი ვირუსი.
ძირითადად გავრცელებულია ცენტრალურ და დასავლეთ აფრიკაში. ის ადამიანებს, დაავადებული ცხოველისგან, კერძოდ კი მაიმუნისგან და მღრღნელებისგან გადაედებათ. ვირუსი ასევე ვრცელდება ადამიანებს შორის მჭიდრო კონტაქტით.
მაიმუნის ყვავილის ძირითადი სიმპტომებია გამონაყარი, ცხელება, თავის ტკივილი, კუნთების ტკივილი, ზურგის ტკივილი, ლიმფური კვანძების შეშუპება, შემცივნება და დაღლილობა.
უმეტესწილად მსუბუქად მიმდინარეობს და ორიდან ოთხ კვირამდე ვადაში იკურნება. სიკვდილიანობის პროცენტი დაბალია.