ერთდღიანი პროტესტის შემდეგ ავღანელი ტელეწამყვანი ქალები მმართველ ძალას, რადიკალურ ისლამისტურ მოძრაობა "თალიბანს" დაემორჩილნენ და ეთერის დროს სახეები დაიფარეს. უკვე 22 მაისს, ავღანეთის მთავარი ტელეარხების დილის საინფორმაციო გამოშვების წამყვანები დაფარული სახეებით გამოჩნდნენ. ჯერ კიდევ გუშინ ბევრი მათგანი სახის დაფარვაზე უარს ამბობდა.
სათნოების გავრცელებისა და მანკიერების აღკვეთის სამინისტრომ ყველა ტელეწამყვან ქალს 21 მისიდან მხოლოდ დაფარული სახეებით გამოსვლის ნებართვა მისცა.
ამრიგად, ძალაში შევიდა თალიბების უზენაესი ლიდერის ჰაიბათულა ახუნძადას ედიქტი, რომლის თანახმად, ქალებს, რომლებიც სახელმწიფო დაწესებულებეში მუშაობენ, საზოგადოებრივ ადგილებში ევალებათ ატარონ ფარანჯა, რომელიც სხეულს თავიდან ფეხებამდე ფარავს.
წესების დარღვევის შემთხვევაში მათ სამსახურიდან გათავისუფლება ემუქრებათ. ამის გარდა, ამ ქალების მამრობითი სქესის მეურვეებმა, მამებმა ან ქმრებმა უნდა გადაიხადონ ჯარიმა, ისევე როგორც ტელერახებმა, რომლებმაც აღნიშნული ბრძანება არ შეასრულეს.
თალიბებმა, რომლებიც ხელისუფლებაში 2021 წლის აგვისტოში დაბრუნდნენ, საზოგადოებრივი ცხოვრების მიმართ უმკაცრესი წესები შემოიღეს.
კონკრეტულად, ქალებს ეკრძალებათ მამაკაცის თანხლების გარეშე სახლიდან 72 კმ-ზე მეტი მანძილით დაშორება, გოგონებს სკოლებში განათლების მიღების უფლება არ აქვთ. ამის გარდა, ქალებს ეკრძალებათ თავიანთ ძველ სამუშაოზე დაბრუნება.
"თალიბანის" პირველი მმართველობის დროს - 1996-2001 წლებში ქალები და გოგონები, ფაქტობრივად, მოკლებულნი იყვნენ განთლების მიღებას და სახლის გარეთ მუშაობას.
დასავლეთის ქვეყნების მხრიდან თალიბების მთავრობის აღიარების ერთ-ერთი მთავარი პირობა ავღანელი ქალების უფლებებისა და შესაძლებლობების გაფართოებაა.