უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინა დიდი ხანია ევროპის ნაწილია და აქვს მოლოდინი, რომ ივნისში ქვეყანა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს მიიღებს. ამის შესახებ მან კიევში პოლონეთის პრეზიდენტ ანდჟეი დუდასთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
"რაც ეხება უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას. არავის ესმის იმაზე კარგად როგორც ჩვენს ახლო მეგობრებს, პოლონელებს, რომ უკრაინა დიდი ხანია, ევროკავშირშია და დიდი ხანია, ევროპის ნაწილია. და მართლაც, ღირებულებების შესახებ ხმამაღალი სიტყვების გარეშე, ჩვენ ვფიქრობთ ერთნაირად, ვფიქრობთ და გვჯერა, და ჩვენ ნამდვილად ვიცავთ ჩვენს თავისუფლებას და დამოუკიდებლობას", - განაცხადა ზელენსკიმ.
მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ოფიციალური წევრობის მოსაპოვებლად საჭიროა ბიუროკრატიული და ტექნიკური საკითხების გავლა, რომლის დასაძლევად უკრაინელებს ძლიერი ელჩები სჭირდებათ. ზელენსკი პოლონეთს ერთ-ერთ ასეთ ელჩს უწოდებს.
"ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს [უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება] აუცილებლად მოხდება. ივნისში ევროკავშირის კანდიდატობას ველოდებით", – დასძინა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტმა ევროკავშირში გაწევრიანების განცხადებას 2022 წლის 28 თებერვალს მოაწერა ხელი.