მაიმუნის ყვავილი არის ის, რაც ყველას უნდა აწუხებდეს, - უთხრა შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდემა ჟურნალისტებს სამხრეთ კორეაში, ვიდრე იაპონიაში გაემგზავრებოდა.
ბაიდენის თქმით, აშშ-ის ჯანდაცვის უწყებები, ეძებს რა სახის მკურნალობა და ვაქცინები არის ხელმისაწვდომი.
"ჩვენ ვმუშაობთ იმაზე, რომ გავარკვიოთ რისი გაკეთება შეგვიძლია და რა სახის ვაქცინა შეიძლება იყოს ხელმისაწვდომი ამის წინააღმდეგ. ეს არის შემაშფოთებელი იმ თვალსაზრისით, რომ თუ ის გავრცელდება, მას შედეგები მოჰყვება", - თქვა ბაიდენმა.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია იტყობინება, რომ მაიმუნის ყვავილის 90-ზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა 12 ქვეყანაში, ევროპის ქვეყნებში, აშშ-ში, კანადასა და ავსტრალიაში.
მაიმუნის ყვავილი იშვიათი ვირუსული ინფექციაა, რომელიც ჩვეულებრივ მსუბუქად მიმდინარეობს და დაავადებული ადამიანების უმეტესობა გამოჯანმრთელდება რამდენიმე კვირაში.
მაიმუნის ყვავილს პოქსვირუსი იწვევს. პოქსვირუსი იმავე გვარსა და ოჯახს მიეკუთვნება, რომელსაც ყვავილის გამომწვევი ვირუსი.
ძირითადად გავრცელებულია ცენტრალურ და დასავლეთ აფრიკაში. ის ადამიანებს, დაავადებული ცხოველისგან, კერძოდ კი მაიმუნისგან და მღრღნელებისგან გადაედებათ. ვირუსი ასევე ვრცელდება ადამიანებს შორის მჭიდრო კონტაქტით.
მაიმუნის ყვავილის ძირითადი სიმპტომებია გამონაყარი, ცხელება, თავის ტკივილი, კუნთების ტკივილი, ზურგის ტკივილი, ლიმფური კვანძების შეშუპება, შემცივნება და დაღლილობა.
უმეტესწილად მსუბუქად მიმდინარეობს და ორიდან ოთხ კვირამდე ვადაში იკურნება. სიკვდილიანობის პროცენტი დაბალია.