ჩრდილოეთ კორეაში კორონავირუსის ეპიდემია მძვინვარებს. სამხრეთ კორეის საინფორმაციო სააგენტოს ინფორმაციით, ქვეყანაში 2 მილიონზე მეტი დადასტურებული შემთხვევაა.
ჩრდილოეთ კორეაში, რომლის ჯანდაცვის სისტემის მდგრადობასა და სანდოობას ექსპერტები კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებენ, არ აქვთ ვაქცინები და ეფექტური ანტივირუსული პრეპარატები.
სახელმწიფო მედია რეკომენდაციას უწევს ტრადიციული მეთოდებით მკურნალობას, რათა მოსახლეობა გაუმკლავდეს იმას, რასაც ჩრდილოეთ კორეაში "ცხელებას" უწოდებენ.
მმართველი პარტიის გაზეთი Rodong Simnun-ი მძიმედ დაავადებულ პაციენტებს ურჩევს, მიიღონ ჯანჯაფილის ან ცხრატყავას ჩაი, ან ტირიფის ფოთლისგან დამზადებული სასმელი.
სითხის მიღებამ და ცხელმა სასმელმა შესაძლოა, ჩააცხროს ზოგიერთი სიმპტომი, ყელის ტკივილი ან ხველა, თუმცა ვირუსის სამკურნალო საშუალებად ვერ ჩაითვლება.
ცოტა ხნის წინ, სახელმწიფო მედიამ ინტერვიუ ჩაწერა წყვილთან, რომელიც მოსახლეობას ურჩევდა დილა-საღამო მარლიანი წყლის სავლების გამოყენებას.
სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, ფხენიანში, ანტისეპტიკური ხსნარის მოსამზადებლად, ათასი ტონა მარილი გაიგზავნა.
ამავდროულად, სახელმწიფო ტელევიზიამ პაციენტებს ურჩია გამოიყენონ ტკივილგამაყუჩებლები, როგორიცაა იბუპროფენი, ასევე ამოქსიცილინი და სხვა ანტიბიოტიკები.
ჩრდილოეთ კორეის ჯანდაცვის სისტემა დიდი გამოწვევის წინაშეა. იგი განიცდის პერსონალის, მედიკამენტების და აღჭურვილობის ნაკლებობას. გასულ წელს ჩრდილოეთ კორეამ უარყო 3 მილიონი ჩინური წარმოების ვაქცინის მიღებაზე. ასევე უარი თქვა Covax პლატფორმის დახმარებაზე, რომელიც ვაქცინის გადაცემას ითვალისწინებდა.
ქვეყანაში ეპიდემიის აფეთქების შემდეგ, ფხენიანს სამხრეთ კორეამ შესთავაზა დახმარება ვაქცინების, სამედიცინო მარაგებისა და პერსონალის სახით, მაგრამ პასუხი ჯერჯერობით არ ჩანს.