ექსტრემისტულმა დაჯგუფებამ "თალიბანმა", რომელმაც ავღანეთში ძალაუფლება გასული წლის აგვისტოში იგდო ხელთ, ავღანელ ტელეწამყვან ქალებს, ეთერის მიმდინარეობისას, სახის დაფარვა უბრძანა.
რელიგიური პოლიციის ინფორმაციის თანახმად, თალიბანის ახალი განკარგულების თაობაზე მედიასაშუალებებს 18 მაისს აცნობეს.
აღნიშნულ გადაწყვეტილებას ორი კვირით ადრე უსწრებდა თალიბანის კიდევ ერთი განკარგულება, რომლის თანახმადა, ქალები ვალდებულნი არიან სახე დაიფარონ საჯარო სივრცეში, ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე. ამ განკარგულებისადმი დაუმორჩილებლობა სასჯელს ითვალისწინებს.
თალიბანის მიერ ძალაუფლების ხელში ჩაგდების შემდეგ, ავღანელი ქალების უფლებრივი მდგომარეობა დღითიდღე უარესდება, ქალებს უკვე აეკრძალათ მოგზაურობა/მგზავრობა მამაკაცი ნათესავის თანხლების გარეშე.
ტელეწამყვანი ქალების მიმართ სახის დაფარვის მოთხოვნას ფართო გამოხმაურება მოჰყვა სოციალურ ქსელში.
"მსოფლიო იყენებს ნიღბებს ადამიანების კოვიდისგან დასაცავად. თალიბანი იყენებს ნიღბებს, რათა დაიცვას ხალხი ჟურნალისტი ქალის სახეებისგან. თალიბებისთვის ქალები დაავადებაა", - წერს ერთ-ერთი აქტივისტი ტვიტერზე.