საქართველოს ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაცია პაკისტანში ქართული კომპანიის კუთვნილი თვითმფრინავის ავიაკატასტროფას ადასტურებს.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაციიდან აცნობეს, ამ ეტაპზე კატასტროფის მიზეზების დადგენა შეუძლებელია, რადგან ამისთვის კომპლექსური მოკვლევაა საჭირო.
მოკვლევა საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის წესებით უნდა წარიმართოს. მოკვლევაში მონაწილეობას საქართველოს მხარეც მიიღებს.
შეგახსენებთ, რომ დღეს, 28 ნოემბერს, თბილისის დროით 00:45 წუთზე, პაკისტანის ქალაქ ყარაჩის აეროპორტიდან სუდანის ქალაქ ხართუმისკენ ფრენას (რეისი MGC-4412) კომპანია "სან ვეის" კუთვნილი სატვირთო თვითმფრინავი "IL 76" (ბორტის ნომერი 4ლ-GNI) ასრულებდა.
აფრენიდან დაახლოებით სამ წუთში თვითმფრინავმა კატასტროფა განიცადა. დაიღუპა ეკიპაჟის 8 წევრი (7 უკრაინის მოქალაქე და ერთი - რუსეთის ფედერაციის).
თვითმფრინავი ჩამოვარდა მშენებარე ობიექტის ტერიტორიაზე. ხმელეთზე დარპულთა შესახებ ინფორმაცია ზუსტდება. არსებული ინფორმაციით, მათი რიცხვი 4 ადამიანს არ აჭარბებს.
მასალის გამოყენების პირობები