შეერთებული შტატების სენატმა ბრიჯიტ ბრინკი ერთხმად დაამტკიცა უკრაინაში აშშ-ის ელჩის თანამდებობაზე.
სენატის სხდომაზე ბრიჯიტ ბრინკის კანდიდატურას 100-ვე სენატორმა დაუჭირა მხარი. მანამდე ბრიჯიტ ბრინკის კანდიდატურას სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტმა დაამტკიცა.
ბრიჯიტ ბრინკის კანდიდატურა აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა სენატს 25 აპრილს წარუდგინა.
ბრიჯიტ ბრინკი 2019 წლიდან სლოვაკეთში ამერიკის დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელია. სხვადასხვა დროს ბრინკი მუშაობდა აშშ-ის დიპლომატიურ მისიებში უზბეკეთში, საბერძნეთში, თურქეთსა და საქართველოში.
უკრაინის შეერთებული შტატების ელჩის თანამდებობა 2019 წლის მაისიდან ვაკანტურია, როდესაც წინა ელჩი, მარი იოვანოვიჩი, ვაშინგტონში გაიწვიეს. იოვანოვიჩი უკრაინაში 2016 წელს დაინიშნა პრეზიდენტ ბარაკ ობამას დროს, ხოლო 2019 წლის მაისში მან თანამდებობა დატოვა იმდროინდელი სახელმწიფოს მეთაურის დონალდ ტრამპის პირადი მოთხოვნით, რომელმაც ელჩი [მის მიმართ] არალოიალობაში დაადანაშაულა.
ამჟამად, უკრაინაში შეერთებული შტატების დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელის მოვალეობას კრისტინა ქუინი ასრულებს.
შეგახსენებთ, 2018 წელს, მედიაში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, აშშ საქართველოში ელჩად ბრიჯიტ ბრინკის დანიშვნას გეგმავდა, ხოლო საქართველოს მთავრობამ მისი კანდიდატურა დაბლოკა, რადგან მთავრობაში მიიჩნევდნენ, რომ ის ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიმართ ზედმეტად კეთილგანწყობილი იყო.