საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჟოზეპ ბორელმა პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ, მედიასთან კომენტარი გააკეთა.
ბორელმა ის საკითხები გამოყო, რომლის თაობაზეც ღარიბაშვილთან შეხვედრისას განიხილა. კერძოდ, ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად თვითშეფასების კითხვარი, ოკუპირებულ ცხინვალში დაგეგმილი ე.წ. რეფერენდუმი, უკრაინაში რუსეთის მიერ გაჩაღებული ომი და რუსეთის წინააღმდეგ სანქციები.
თვითშეფასების კითხვართან დაკავშირებით, ბორელმა განაცხადა, რომ ევროკომისია უახლოეს კვირებში მოამზადებს საკუთარ დასკვნას. ამ კონტექსტში, ბორელმა ხაზი გაუსვა რეფორმების დაჩქარებული ტემპების, პოლიტიკური პოლარიზების დასრულებისა და მართლმსაჯულების სფეროს რეფორმირების მნიშნველობას.
ამასთან, ბორელმა აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია სანქციების აღსრულება, ვინაიდან მათი ეფექტურობა არ დაიკარგოს.
"ვგულისხმობ სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ, უკრაინაში გაჩაღებული ომის გამო. ჩვენ ძალიან ვაფასებთ გაეროს რეზოლუციების კენჭისყრისას მათ მხარდაჭერას. კარგად გვესმის, რამდენად რთულია ეს თქვენთვის [საქართველოსთვის], რუსეთის წინააღმეგ მოქმედება, მაგრამ ასევე გთხოვთ სანქციების აღსრულებას, რათა მათ ეფექტურობა არ დაკარგონ", - განაცხადა ბორელმა.