"აზოვსტალიდან" გაყვანილი 300-ზე მეტი უკრაინელი სამხედრო, რიმლებიც მარიუპოლს იცავდნენ, რუსეთის მიერ კონტროლირებულ სოფელ ოლენევკაში, ყოფილი კოლონიის ტერიტორიაზე მდებარე საპატიმროში მიიყვანეს. მათ შორის 50 ადამიანი მძიმედ დაჭრილია
გავრცელებული ინფორმაციით, 17 მაისს, საღამოს, რუსული ჯავშანტექნიკის თანხლებით, "აზოვსტალის" ტერიტორია დატოვა შვიდმა ავტობუსმა, რომელშიც უკრაინელი მეომრები იმყოფებოდნენ.
სავარაუდოდ, დაჭრილებს ჰოსპიტალში მოათავსებენ, სადაც სამედიცინო დახმარებას გაუწევენ, რის გამოც სამხედროები "აზოვსტალიდან" ევაკუაციას დათანხმდნენ.
მარიუპოლის მერის მრჩეველმა პეტრო ანდიუშჩენკომ განაცხადა, რომ" ოლენევკის კოლონია 21-ე საუკუნის ნამდვილი საკონცენტრაციო ბანაკია, რომელიც რუსეთმა ევროპის ცენტრში შექმნა".
მისი თქმით, ადამიანებს იქ გაუსაძლის პირობებში ამყოფებენ, საკვებს ყოველდღე არ აძლევენ, არ უწევენ სამედიცინო დახმარებას.
"იქ იმყოფებიან სამხედროების ოჯახის წევრები, სამართალდამცველი ორგანოების ყოფლი თანამშრომლები, აქტივისტები, ჟურნალისტები და ადამიანები, რომლებმაც უბრალოდ ეჭვი გამოიწვიეს (მათ შორის თუ ჰქონდათ პატრიოტული შინაარსის ტატუ)", - თქვა ანდრიუშჩენკომ.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა, რომ უკრაინელი დამცველების ევაკუაცია "აზოვსტალის" ქარხნიდან გრძელდება.
"მას ხელმძღვანელობენ ჩვენი სამხედროები და დაზვერვის წარმომადგენლები. ჩართულია ყველაზე გავლენიანი საერთაშორისო შუამავლები", - განაცხადა ზელენსკიმ.
რუსული პროპაგანდისტული მედიის "ტასის" ინფორმაციით, რუსეთის საგამოძიებო კომიტეტი უკრაინელი სამხედროების დაკითხვას ე.წ. "უკრაინის რეჟიმის დანაშაულების" ფარგლებში გეგმავს. დაკითხვის რა მეთოდებს გამოიყენებენ რუსი გამომძიბელები, უცნობია.
უკრაინის ხელისუფლების განცხადებით, მარიუპოლის დამცველებს რუს ტყვეებზე გაცვლიან, მაგრამ რუსეთის სახელმწიფო დუმაში განაცხადეს, რომ "ნაცისტი დამნაშავეები" გაცვლას არ ექვემდებარებიან.