ახლა, რუსეთის მიერ უკრაინაში გაჩაღებული ომი გარდამტეხ ფაზაშია და ევროკავშირი არ დაუშვებს, რუსეთთან ბრძოლაში უკრაინა იარაღის გარეშე დარჩეს. ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო პოლიტიკის და უსაფრთხოებს საკითხებში ჟოზეპ ბორელმა "დოიჩე ველესთან" განაცხადა.
17 მაისს ბრიუსელში ევროკავშირის წევრი ქვეყნების თავდაცვის მინისტრების შეხვედრა გაიმართა, რომელსაც ვიდეობმულის საშუალების უკრაინის თავდაცვის მინისტრი ოლექსი რეზნიკოვიც ესწრებოდა.
ბორელის თქმით, ევროკავშირის ქვეყნები გააგრძელებენ უკრაინის სამხედრო დახმარების გაწევას.
"ეს მხარდაჭერა ახლა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ომი გარდამტეხ ფაზაშია. ჩვენ არ შეგვიძლია და არ დავუშვებთ, რომ უკრაინას იარაღის მარაგები ამოეწუროს, რადგან დონბასისითვის ბრძოლა ისეთ მომენტს გადის, როდესაც უკრაინელების კონტრშეტევების შედეგად რუსები წნეხის ქვეშ არიან", - თქვა ბორელმა.
ბორელის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ევროპელებმა 2009 წლიდან განიარაღების სერიოზული გზა განვლეს, "ევროკავშირის წევრ ქვეყნებს აქვთ საკმარისი რესურსები, რომ იგივე ტემპით გააგრძელონ უკრაინის მხარდაჭერა".
ამასთან, ჟოზეპ ბორელმა ხაზი გაუსვა რუსეთის მხარის დანაკარგების რაოდენობას.
"ეს წარმოუდგენელი ზარალია. არ ვიცი, შეძლებენ თუ არა მათ ანაზღაურებას, მაგრამ რუსული არმიის დანაკარგები მართლაც საოცარია", - დასძინა მან.
გარდა ამისა, ბორელმა განაცხადა, რომ კიევში მუშაობას განაახლებს ევროკავშირის საკონსულო, რომელიც განახლებული მანდატით განაგრძობს ფუნქციონირებას.
"რაც საშუალებას მისცემს მას წვლილი შეიტანოს ომის დანაშაულების გამოძიებაში", - თქვა ბორელმა.