უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, მარიუპოლის „აზოვსტალის“ ქარხნის ტერიტორიიდან, 16 მაისს ევაკუირებულია 264 უკრაინელი სამხედრო. მათგან 53 მძიმედ დაჭრილი მებრძოლი გადაიყვანეს ქალაქ ნოვოაზოვსკის სამედიცინო დაწესებულებაში, 211 კი, ჰუმანიტარული დერეფნით ჩაიყვანეს ოლენევკაში, საიდანაც უკრაინული მხარის ცნობით, გაცვლის პროცედურა ჩატარდება და მათ უკრაინის ხელისუფლების მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე დააბრუნებენ.
ნოვოაზოვსკი და ოლენევკა რუსეთის მიერ "დამოუკიდებელ რესპუბლიკად" აღიარებული, ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ტერიტორიაზე მდებარეობს.
უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე ანა მალიარის განცხადებით, ამჟამად ტარდება ღონისძიებები „აზოვსტალის“ ტერიტორიაზე დარჩენილი დამცველების გადასარჩენად.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის განცხადებით, მარიუპოლის დამცველებმა შეასრულეს საბრძოლო ამოცანები და უმაღლესმა სარდლობამ „აზოვსტალში“ მყოფი ქვედანაყოფების მეთაურებს უბრძანა, პირადი შემადგენლობის სიცოცხლის გადარჩენა.