სოფელ ვაზისუბნის მოსახლეობა იმ ოთხი ადამიანის გათავისუფლებას ითხოვს, რომლებიც დაახლოებით 1 საათის წინ, კახეთის გუბერნატორის გიორგი ღვინიაშვილის მითითებით პოლიციის თანამშრომლებმა დააკავეს. ვაზისუბნის მაცხოვრებლების თქმით, დაკავება უკანონოდ მოხდა და იმ შემთხვევაში თუ დაკავებულებს არ გაათავისუფლებენ, მოსახლეობა მასობრივ საპროტესტო აქციას გამართავს.
შეგახსენებთ, რომ გურჯაანის რაიონის სოფელ ვაზისუბანში 100-მდე ადამიანი ს/ს „კახეთის ენერგოდისტრიბუციის" მიერ ელექტროენერგიის უკანონოდ შეწყვეტას აპროტესტებდა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრას ითხოვდა, უყურადღებოს შემდეგ კი თელავი - თბილისის ავტომაგისტრალი გადაკეტეს. გზის გადაკეტვის შემდეგ აქციის მონაწილეებთან კახეთის გუბერნატორი გიორგი ღვინიაშვილი მივიდა. ვაზისუბნის მაცხოვრებლებმა ის მოსახლეობის ინტერესების უგულებლყოფაში დაადანაშაულეს. თვითმხილველების ცნობით, გუბერნატორის საქმიანობა განსაკუთრებით რამდენიმე მამაკაცმა გააკრიტიკა, რის შემდეგაც გიორგი ღვინიაშვილმა იქ მყოფ პოლიციის თანამშრომლებს მათი დაკავების შესახებ მითითება მისცა. სამართალდამცავებმა მამაკაცები პოლიციის მანქანებში ფიზიკური ძალის გამოყენებით შეყარეს, რა დროსაც მათ წიხლებსაც ურტყამდნენ. კახეთის საინფორმაციო ცენტრის ინფორმაციით, სულ დაკავებულია ოთხი ადამიანი.
აქციის მონაწილეების დაკავების შესახებ შს გურჯაანის სამმართველოში კომენტარს არ აკეთებენ.
კახეთის გუბერნატორი გიორგი ღვინიაშვილი პოლიციის თანამშრომლებისთვის აქციის მონაწილეების დაკავების შესახებ მითითების მიცემას კატეგორიულად უარყოფს. „პოლიციამ თავისი საქმე იცის და კანონის ფარგლებში მოქმედებნ", - განაცხადა გიორგი ღვინიაშვილმა.