საქართველოში შეერთებული შტატების ელჩმა კელი დეგნანმა კომენტარი გააკეთა "რუსთავი 2"-ის საქმეზე ნიკა გვარამიას, კახაბერ დამენიასა და ზურაბ იაშვილის მიმართ სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით.
კელი დეგნანის განცხადებით, საზოგადოებას უნდა ჰქონდეს ნდობა სასამართლო გადაწყვეტილების მიმართ, რათა არ არსებობდეს აღქმა შერჩევითი სამართალსა და პოლიტიკური ჩარევასთან დაკავშირებით.
"მე კომენტარს ვერ გავაკეთებ უშუალოდ საქმის შინაარსზე, თუმცა ამ საქმემ დასაწყისიდანვე წარმოშვა კითხვები დროის გარემოების, ბრალდებებთან დაკავშირებით და ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტი, რომ საზოგადოებას ჰქონდეს ნდობა სასამართლო გადაწყვეტილების მიმართ და ეს ნდობა რომ არსებობდეს, ისინი უნდა იყვნენ დარწმუნებული, რომ ამ პროცესში არ იყო რაიმე პოლიტიკური ჩარევა და იყო დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი გადაწყვეტა. თუნდაც ის ფაქტი, რომ არსებობს აღქმა, რომ გარკვეულწილად შერჩევითი სამართალი არსებობს, ესეც მოქმედებს საზოგადოების ნდობაზე", - თქვა კელი დეგნანმა.
კელი დეგნანის თქმით, საქართველოსთვის, რომელიც ევროინტეგრაციის გზას ადგას, მნიშვნელოვანია, სასამართლოს მიმართ საზოგაოდების ნდობის განმტკიცება.
"ჩვენ ყველას გვინდა, რომ ვნახოთ საქართველოს წარმატება ევროკავშირისა და ნატოსკენ სწრაფვის გზაზე. ჩვენ ყველანი ამ შედეგისთვის ვმუშაობთ. რეფორმები, რომლებიც სასამართლო სისტემის მიმართ საზოგადოების ნდობას განამტკიცებს, ამ პროცესში უმთავრესია", - თქვა დეგნანმა.