"ნაციონალური მოძრაობის" პერიოდში ამ სიმძიმის დანაშაულისთვის, შეიძლება, ციმბირი უკან მოეტოვებინათ, - აცხადებს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე ნიკა გვარამიასთვის პატიმრობის შეფარდების საკითხის კომენტირებისას.
მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, ნიკა გვარამიას მიმართ გამოტანილი განაჩენი პოლიტიკურ დევნად არ უნდა შეფასდეს.
„ეს არ არის პოლიტიკური შურისძიება. ფაბულა და შინაარსი ცნობილია, რაზეა საუბარი. სასამართლომ დაასკვნა, რომ ეს იყო მართლსაწინააღმდეგო ქმედება, იმ კატეგორიის მართლსაწინააღმდეგო ქმედება, რომელსაც დანაშაული ჰქვია...
რაც შეეხება პოლიტიკურ დევნას, შეიძლება, არსებობდეს კითხვა, ხომ არ არის ეს პოლიტიკური დევნა? – არ მგონია, ვინმესთვის არსებობდეს მიზეზი, ისაუბროს პოლიტიკურ დევნაზე. პოლიტიკურად სენსიტიურია, რადგან გვარამიას საქმიანობა თავისი შინაარსით არის პოლიტიკური. შესაბამისად, ეს პოლიტიკურ სენსიტიურობას განაპირობებს, მაგრამ არ ნიშნავს, რომ მოცემულ სიტუაციაში ვინმეს შეუძლია, ხელაღებით ისაუბროს პოლიტიკურ დევნაზე. საკმაოდ კარგად, დამაჯერებლად არის ახსნილი, რომ სამართალდარღვევას ჰქონდა ადგილი, რომელიც სასამართლომ დანაშაულად შეაფასა.
„ნაციონალური მოძრაობის“ პერიოდში ამ სიმძიმის დანაშაულისთვის, შეიძლება, ციმბირი უკან მოეტოვებინათ. სინამდვილეში, მათი მმართველობისთვის იყო დამახასიათებელი, რომ ხშირად სჩადიოდნენ დანაშაულებს. არ მგონია, მოწმენდილ ცაზე მეხს წარმოადგენდეს, რომ პირები, რომლებიც „ნაციონალურ მოძრაობასთან“ არიან დაკავშირებული, დანაშაულებს სჩადიოდნენ", - თქვა სარჯველაძემ.