ამერიკის შეერთებული შტატების სენატის დელეგაცია უკრაინის დედაქალაქ კიევში პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა.
დელეგაციას სენატის უმცირესობის ლიდერი, მაღალი რანგის რესპუბლიკელი სენატორი მიჩ მაკკონელი ხელმძღვანელობდა.
ზელენსკიმ ვიზიტი შეაფასა "ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის, ისევე როგორც ამერიკელი ხალხის მიერ უკრაინის ორპარტიული მხარდაჭერის ძლიერი სიგნალი".
"მადლობა თქვენი ლიდერობისთვის, რომელიც გვეხმარება ბრძოლაში არა მხოლოდ ჩვენი სახელმწიფოსთვის, არამედ დემოკრატიული ღირებულებებისა და თავისუფლებებისთვის. ჩვენ ამას ნამდვილად ვაფასებთ", - უთხრა ზელენსკიმ სენატორებს.
ზელენსკიმ აღნიშნა, რომ დღეს უკრაინა იბრძვის ხალხების უფლებისთვის, თავისუფლად აირჩიონ საკუთარი მომავალი.
"რუსეთი ახორციელებს გენოციდს უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ. ის სჩადის ომის დანაშაულებს, რომლითაც მთელი მსოფლიო შეძრწუნებულია - წამება, მასობრივი სიკვდილით დასჯა, გაუპატიურება. ევროპას ასეთი დანაშაულები მეორე მსოფლიო ომის შემდეგ არ უნახავს", - თქვა მან.
ზელენსკიმ ლენდ-ლიზის აქტის დამტკიცებისთვის სენატორებს მადლობა გადაუხადა და ასევე იმედი გამოთქვა, რომ სენატი მალე დაამტკიცებს დამატებით ფინანსურ პაკეტს უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად.