მარიუპოლის დამცველი უკრაინელი საზღვაო ქვეითების 36-ე ბრიგადის მეთაური სერგეი ვოლინა "აზოვსტალიდან" გასაღწევად დახმარებას ამერიკელ მილიარდერს და გამომგონებელს, კომპანიების Tesla-ს და SpaceX-ის მფლობელს, ილონ მასკს სთხოვს.
ვოლინა Facebook-ზე წერს, რომ Twitter-ში ანგარიში მხოლოდ იმიტომ გახსნა, რომ ილონ მასკისთვის მიემართა.
"ამბობენ, რომ შენ სხვა პლანეტიდან ხარ ტელეპორტირებული, რათა ასწავლო ადამიანებს დაიჯერონ შეუძლებელი. ჩვენი პლანეტები ერთმანეთის გვერდითაა, რადგან მე ვცხოვრობ იქ, სადაც გადარჩენა, ფაქტობრივად შეუძლებელია, დაგვეხმარე აზოვსტალიდან მესამე ქვეყანაში გაღწევაში. ვინ, თუ არა შენ? მომეცი მინიშნება", - ნათქვამია ვოლინას მიმართვაში.
ამასთან, ვოლინა მიმართავს პლანეტის თითოეულ ადამიანს დაეხმარონ, რათა ილონ მასკმა მისი მიმართვა ნახოს.
"ამბობენ, რომ მისი ამოცანა იყო კაცობრიობა შთაეგონებინა დაიჯეროს შეუძლებელი. მან დაამტკიცა, რომ მისთვის არ არსებობს ამოუხსნელი ამოცანები, რომ ყველაფერი შესაძლებლია! ის არასდროს ნებდება, ისევე როგორც ჩვენ! ჩვენ გვჭირდება ზეადამიანის დახმარება", - აღნიშნავს ვოლინა.
ვითარება უკიდურესად მძიმეა მარიუპოლის მეტალურგიული გიგანტის, კომბინატ "აზოვსტალის" ტერიტორიაზე, რომელსაც ორ თვეზე მეტია იცავენ "აზოვის" პოლკის მებრძოლები და საზღვაო ქვეითები 36-ე ბრიგადიდან.
უკრაინული მედიის ინფორმაციით, „აზოვსტალის“ ქარხანაში 1 000-1 200-მდე მებრძოლი რჩება, რომელთა შორის ასობით დაჭრილი და დაშავებულია. ისინი ანტისანიტარიულ პირობებში, იმყოფებიან და არ აქვთ მედიკამენტების, საკვები და სასმელი წყლის საკმარისი რაოდენობა.