ფინეთის პრეზიდენტი საული ნიინისტო და პრემიერ-მინისტრი სანა მარინი ნატოში დაუყოვნებლივ გაწევრიანების მომხრენი არიან, - ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში, რომელიც ცოტა ხნის წინ გავრცელდა.
"ფინეთმა დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს ნატოში გაწევრიანებას. ვიმედოვნებთ, რომ ამ გადაწყვეტილების მისაღებად საჭირო ეროვნული ნაბიჯები სწრაფად გადაიდგმება მომდევნო პერიოდში, რამდენიმე დღეში", - ნათქვამია განცხადებაში.
განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ ნატო-ში გაწევრიანება გააძლიერებს ფინეთის უსაფრთხოებას. როგორც ნატოს წევრი, ფინეთი გააძლიერებს მთელ თავდაცვის ალიანსს.
მედიის ვარაუდით, ფინეთი ნატოშ გაწევრიანების შესახებ განაცხადს 15 მაისს წარადგენს. მოელიან, რომ უახლოეს ხანებში ფინეთის მსგავს ნაბიჯს გადადგამს მისი სკანდინავიელი მეზობელი და მოკავშირე შვედეთი.
მანამდე, ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ შვედეთი და ფინეთი გაწევრიანებას თუ გადაწყვეტენ, მათ ალიანსი გულთბილად მიესალმება.
ფინეთის პარლამენტში ნატოში გაწევრიანების საკითხის განხილვა აპრილში დაიწყო. ფინეთის პოზიციის ცვლილება სამხედრო ალიანსებში გაწევრიანების თაობაზე რუსეთის უკრაინაში შეჭრამ განაპირობა.