შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატამ უკრაინისთვის დამატებით 40 მილიარდი დოლარის გამოყოფას მხარი დაუჭირა.
კანონპროექტს მხარი დაუჭირა წარმომადგენელთა პალატის 368 წევრმა - 219-მა დემოკრატმა და 149 რესპუბლიკელმა. წინააღმდეგი იყო 57.
ახლა უკვე დახმარების პაკეტი სენატმა უნდა დაამტკიცოს, რომელიც შემდეგ აშშ-ის პრეზიდენტს ჯო ბაიდენს ხელმოსაწერად გაეგზავნება.
დოკუმენტი ასევე გულისხმობს ფინანსურ დახმარებაზე პრეზიდენტის უფლებამოსილების 11 მილიარდამდე გაზრდას. ასეთი გადაწყვეტილება ბაიდენის ადმინისტრაციას უფლებამოსილებას აძლევს ამერიკის შეერთებული შტატების მარაგიდან უკრაინას იარაღი და სამხედრო ტექნიკა გაუგზავნოს.
დახმარების პაკეტს სენატი, სავარაუდოდ, კვირის ბოლომდე დაამტკიცებს.
შეგახსენებთ, 9 მაისს ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ლენდ-ლიზის აქტს, რომელიც შესაძლებელს გახდის უკრაინისთვის უფრო მეტი იარაღის, საბრძოლო მასალისა და აღჭურვილობის უფრო ეფექტურად მიწოდებას.