"ევროპა არის ერთადერთი გამოსავალი, რომ აღარ გაისმას კითხვა: „მშვიდობა თუ თავისუფლება“, რამეთუ ჩვენ, ყველას გვინდა მშვიდობაც და თავისუფლებაც, მაშასადამე გვინდა ევროპა. გილოცავთ ამ დღეს", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ევროპის დღესთან დაკავშირებით ევროკავშირის წარმომადგენლობის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.
"ყველას ესმის, რომ თავისთავად ოკუპირებული ტერიტორიების მქონე ქვეყანა, საფრთხის ქვეშ მყოფი ვერ შეედრება ძლიერ ევროპულ ქვეყნებს, თუმცა სოლიდარობის გამოხატვას მრავალი ფორმა აქვს. ჩვენი ვალდებულებაა, ამ გზაზე, რაზეც ნაადრევად დაგვაყენა უკრაინის ბრძოლამ, არაფერი დავიშუროთ და ყველა ნაბიჯი გადავდგათ, რათა ეს მოცემული შანსი რეალობად ვაქციოთ. ის ქართული გზა ევროპისკენ, რომელიც გადის ახლო მეზობლობაზე, აღმოსავლეთ პარტნიორბაზე, ვიზალიბერალიზაციაზე, თავისუფალ ვაჭრობასა და ასოცირების სტატუსზე, დღეს გადავიდა ახალ განზომილებაში. შორეული პერსპექტივა დღეს ხელმისაწვდომი ხდება, თუ ჩვენ შევძლებთ კითხვარში დასმულ კითხვებზე არა მხოლოდ პასუხის დაწერას, არამედ შესრულებას. მჯერა, შევძლებთ. ხვალინდელი დღე, როგორც არასოდეს, ჩვენზეა დამოკიდებული. რასაც ვიღონებთ, იმას შევძლებთ. ევროპა არის ერთადერთი გამოსავალი, რომ აღარ გაისმას კითხვა: „მშვიდობა თუ თავისუფლება“, რამეთუ ჩვენ, ყველას გვინდა მშვიდობაც და თავისუფლებაც, მაშასადამე გვინდა ევროპა. გილოცავთ ამ დღეს", – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.