ევროკავშირის ქვეყნებმა უნდა იფიქრონ, რომ რუსეთის გაყინული სავალუტო რეზერვები ომის შემდეგ უკრაინის აღდგენას მოხმარდეს, - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჯოზეფ ბორელიმ Financial Times-თან ინტრევიუში განაცხადა.
როგორც ბორელიმ აღნიშნა, აშშ-მა ავღანეთის ცენტრალური ბანკის კუთვნილ მილიარდობით დოლარის აქტივებზე აიღო კონტროლი, ტერორიზის მსხვერპლთა პოტენციური კომპენსაციისა და ქვეყნისთვის ჰუმანიტარული დახმარების მიზნით. მისი აზრით, ლოგიკური იქნებოდა, ასეთივე გადაწყვეტილება რუსეთის სავალუტო რეზერვების შესახებაც თუ იქნება მიღებული.
"მე ამას მხარს დავუჭერდი, იმიტომ რომ სრულიად ლოგიკურია. ფული არის, და ვინმემ ამიხსნას, რატომ არის კარგი ამის გაკეთება ავღანური ფულით და რატომ არის ცუდი რუსული ფულით", - აღნიშნა ბორელიმ.
უკრაინაში ომის დაწყებიდან, ევროკავშირმა და მისმა მოკავშირეებმა რუსეთის ცენტრალური ბანკის ასობით მილიარდი დოლარის სავალუტო რეზერვები გაყინეს.
მარტის დასაწყისში რუსეთმა განაცხადა, რომ გაყინულია მისი ოქროსა და სავალუტო რეზერვების დაახლოებით 300 მილიარდი დოლარი, რაც მთლიანობაში 600 მლრდ დოლარს აღემატება.