ჩვენი, აშშ-ის პოზიცია და მესიჯი არის გაერთიანება, ერთად დგომა და ერთობლივი მუშაობისკენ ძალისხმევის მიმართვა, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა განაცხადა.
მისივე თქმით, მნიშვნელოვანია მეტი აქტივობა პარლამენტში და ერთობლივი მუშაობა ისეთი საკითხების გადასაჭრელად, რაც აწუხებს ქართველ ხალხს.
„საქართველო არის ამერიკის მნიშვნელოვანი პარტნიორი. ჩვენ მოხარულები ვართ, რომ პოლიტიკოსები ერთობლივად მუშაობენ პარლამენტში. გვინდა, ვიხილოთ უფრო მეტი აქტივობა პარლამენტში, სხვადასხვა პროექტის, სტრატეგიისა თუ კანონმდებლობის მიღებისა თუ განხორციელების კუთხით. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია, მმართველი და ყველა ოპოზიციური პარტიისა და ლიდერის თანამშრომლობა, ერთობლივი მუშაობა გაგრძელდეს და გახდეს უფრო ინტენსიური ისეთი საკითხების გადასაჭრელად, როგორიც არის ეკონომიკა, განათლება, საზოგადოებრივი ჯანდაცვა. ეს ის საკითხებია, რაც აწუხებს ქართველ ხალხს და რაზეც უნდა მიმდინარეობდეს ერთობლივი მუშაობა. ახლა არ არის ერთმანეთთან ბრძოლის, ჩხუბის დრო. ახლა არის დრო, როცა ყველა უნდა გაერთიანდეს, ერთად დადგეს და შეწყვიტონ ერთმანეთზე თავდასხმა. ეს მნიშვნელოვანი მესიჯი იქნება არა მხოლოდ ქართველი ხალხისთვის, არამედ თავად რუსეთისთვის, რომელიც ყოველთვის ცდილობს, გახლიჩოს და დაყოს ეს ქვეყანა, შეიტანოს დაბნეულობა და ქართველი ხალხის ერთიანობა ამაში ხელს შეუშლის. ასე რომ, ჩვენი, ამერიკის პოზიცია და მესიჯი არის გაერთიანება, ერთად დგომა და ერთობლივი მუშაობისკენ ძალისხმევის მიმართვა“, – განაცხადა კელი დეგნანმა.