გერმანიაში სამუშაო ვიზიტით მყოფი საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა Deutsche Welle-სთან ინტერვიუში საქართველოს უსაფრთხოებასა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, საქართველოს მაქსიმალური უსაფრთხოების გზა ევროკავშირსა და ნატოში სწრაფ და საიმედო ინტეგრაციაზე გადის.
"რაც გვჭირდება, არის უფრო სწრაფი და საიმედო გზა ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციისკენ, რადგან აქ ვხედავთ ჩვენს მაქსიმალურ უსაფრთხოებას", - განაცხადა პრეზიდენტმა და დასძინა, რომ "მაქსიმალური უსაფრთხოება ომი ვერ იქნება, რადგან საქართველო ვერასდროს შეძლებს რუსეთთან ომის მოგებას".
ამასთან, ზურაბიშვილმა გამოთქვა მოსაზრება, რომ საქართველომ განსაკუთრებული სიფრთხილე უნდა გამოჩინოს, რადგან არავინ იქნება მზად, საქართველოს უკრაინის მსგავსად, მხარი დაუჭიროს.
"უკრაინელები ისურვებდნენ, რომ საქართველოსგანაც მიიღონ იარაღი, რგახსნილირყო მეორე ფრონტი. ეს ყველაფერი შეუძლებელია. ვფიქრობ, რომ საქართველოს მთავრობა უფრო რეალისტურად უყურებს იმას, თუ რისი გაკეთება შეუძლია საქართველოს ამ ეტაპზე. გვაქვს ორი ოკუპირებული ტერიტორია, რომელთაგან ერთ-ერთი ახლა რუსეთთან შეერთების შესახებ რეფერენდუმის გამართვაზე საუბრობს. ცხადია, სიფრთხილე გვმართებს, რადგან ბევრი შესაძლებლობა არ გვაქვს და არავინ იქნება მზად, საქართველოს მსგავსი გზით მხარი დაუჭიროს, მაგრამ ეს არანაირად არ ცვლის ჩვენი სოლიდარობის დონეს", - აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.