შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის, ნედ პრაისის განცხადებით, საქართველო და მოლდოვა აშშ-ის მნიშვნელოვანი პარტნიორები არიან.
სახელმწიფო დეპარტამენტში გამართულ პრესკონფერენციაზე, პრაისმა განაცხადა, რომ ვაშინგტონი საქართველოსა და მოლდოვის სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის ერთგულია.
"საქართველოც და მოლდოვაც, ჩვენი - შეერთებული შტატების მნიშვნელოვანი პარტნიორები არიან. ჩვენ ერთგული ვართ მათი სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობის, ტერიტორიული მთლიანობის. ჩვენ ვაჩვენეთ ეს ერთგულება მრავალი გზით", - თქვა პრაისმა.
კითხვაზე, ხედავს თუ არა ვაშინგტონი მოლდოვისა და საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის ახალი აგრესიის საფრთხეს, პრაისმა უპასუხა:
"ჩვენ ყოველთვის კავშირზე ვართ რეგიონში ჩვენს პარტნიორებთან ჩვენი საელჩოს, დეპარტამენტის საშუალებით. ეს, რა თქმა უნდა, ეხება ჩვენს კოლეგებს თბილისში. ეს დისკუსიები გრძელდება. ჩვენ ვიცით, რომ ვლადიმირ პუტინს შესაძლოა, ჰქონდეს მისწრაფებები აგრესიისკენ რეგიონის სხვა ქვეყნების წინააღმდეგ. ვფიქრობ, საპასუხოდ ჩვენ დემონსტრირებას ვახდენთ, თუ როგორ უზრუნველვყოფთ ჩვენს უკრაინელ პარტნიორებს იმით, რაც მათ სჭირდებათ, რომ იყვნენ ეფექტური ამ მდგომარეობის წინაშე, რუსული აგრესიის ამ საშინელი შემთხვევის წინააღმდეგ. ჩვენ ვაჩვენებთ, რომ შეერთებული შტატები, ჩვენი მოკავშირეები და პარტნიორები არ შეეგუებიან ამ ტიპის ქმედებებს", - განაცხადა ნედ პრაისმა.