რუსეთის თავდაცვის მინისტრი სერგი შოიგუ განაგრძობს მტკიცებას, რომ უკრაინის საპორტო ქალაქი მარიუპოლი რუსეთის არმიის კონტროლქვეშაა.
BBC-ის რუსული ბიუროს ცნობით, ამის შესახებ შოიგუმ თავდაცვის სამინისტროს თათბირზე განაცხადა.
"უკრაინისა და ლუჰანსკის და დონეცკის სახალხო რესპუბლკების ნაციონალისტებისგან გათავისუფლებულ ტერიტორიებზე მშვიდი ცხოვრება მყარდება. მათ შორის, აზოვის ზღვაზე უდიდეს სამრეწველო და სატრანსპორტო კერაში, მარიუპოლში. ის რუსეთის არმიის კონტროლქვეშაა", - თქვა შოიგუმ.
სერგეი შოიგუს განცხადებით, უკრაინელი სამხედროები, რომლებიც "აზოვსტალის" ტერიტორიაზე იმყოფებიან, უარს აცხადებენ იარაღის დაყრაზე, "თუმცა ისინი საიმედოდ არიან ბლოკირებული ტერიტორიის მთელ პერიმეტრზე".
მან ასევე განაცხადა, რომ ნატოს ნებისმიერი ტრანსპორტი, რომელიც უკრაინაში ჩავა უკრაინის არმიისთვის იარაღის მისაწოდებლად, ჩაითვლება რუსეთის არმიის ლეგიტიმურ სამიზნედ.
იმავდროულად, უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო დეპარტამენტი იუწყება, რომ მარიუპოლში რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის პირველი მოადგილე სერგეი კირიენკო ჩავიდა. სააგენტოს ცნობით, მარიუპოლში ის 9 მაისამდე სამხედრო აღლუმს მოამზადებს.