იტალიის პრემიერ-მინისტრმა მარიო დრაგიმ გააკრიტიკა ტელეარხი Rete4, რომელზეც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი 40 წუთის განმავლობაში საუბრობდა.
მარიო დრაგის თქმით, გადაცემის ანონსი იუწყებოდა, რომ ეს იქნებოდა ინტერვიუ, მაგრამ "სინამდვილეში, ეს იყო პოლიტიკური აგიტაციის სეანსი".
მისი თქმით, რუსეთისგან განსხვავებით, იტალიაში პრესისა და სიტყვის თავისუფლებაა.
"თუმცა, საკითხავია, ღირს კითხვის დასმა, მისაღებია თუ არა ვინმეს ინტერვიუზე მიწვევა და ამავდროულად რეაგირება არ მოახდინო მის განცხადებებზე? ეს არ იყო ჟურნალისტური მიღწევა. ამან ძალიან უცნაური განცდა დატოვა", - თქვა დრაგიმ.
მანამდე, ლავროვთან ინტერვიუ სხვა იტალიელმა პოლიტიკოსებმაც გააკრიტიკეს. იტალიის სოციალ-დემოკრატების ხელმძღვანელმა და ყოფილმა პრემიერ მინისტრმა ენრიკო ლეტამ მას "უფსკრული" უწოდა.
ამავდროულად, Mediaset-მა, რომელიც ფლობს Rete4-ს, დაიცვა გადაცემა და ლავროვის მოწვევის გადაწყვეტილებას.
"ის რუსეთის ფედერაციაში მეორე პირია. ინტერვიუ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელთან არის თანამედროვე ისტორიის დოკუმენტი", - განაცხადა გენერალურმა დირექტორმა მაურო კრიპამ.
იტალიურ ტელევიზიაში საუბრისას ლავროვმა გაიმეორა რუსული სამხედრო პროპაგანდის მთავარი თეზისები უკრაინის წინააღმდეგ ომის შესახებ. მისმა ერთ-ერთმა განცხადებამ საერთაშორისო სკანდალი გამოიწვია. ზელენსკის კრიტიკისას, ლავროვმა განაცხადა, რომ ადოლფ ჰიტლერსაც ებრაული სისხლი ჰქონდა, ყველაზე მგზნებარე ანტისემიტები კი როგორც წესი, ებრაელები იყვნენ.
"ის [ზელენსკი] იგონებს არგუმენტს: როგორი ნაციფიკაცია შეიძლება მოხდეს მათთან, როდესაც ის ებრაელია. შეიძლება ვცდები, მაგრამ ჰიტლერსაც ებრაული სისხლი ჰქონდა, ეს აბსოლუტურად არაფერს ნიშნავს. ბრძენი ებრაელი ხალხი ამბობს, რომ ყველაზე მგზნებარე ანტისემიტები, როგორც წესი, ებრაელები არიან“, - განაცხადა მან.
ისრაელმა უმკაცრესად დაგმო ლავროვის განცხადებები. საგარეო საქმეთა მინისტრმა იაირ ლაპიდმა ლავროვის განცხადებას აღმაშფოთებელი და მიუტევებელი უწოდა. ამასთან, ისრაელმა რუსეთისგან ბოდიშის მოხდა მოითხოვა.