ჩეხეთის პრეზიდენტის მილოშ ზემანის განცხადებით, უკრაინაში ომის გაჩაღების გამო, რუსეთს პოლიტიკური, ეკონომიკური და რეპუტაციული დასასრული მოელის.
წარსულში კრემლის მოკავშირედ ცნობილი მილოშ ზემანის თქმით, უკრაინაში ომის წამოწყებაზე უარესს პუტინი რუსი ხალხის ინტერესებისთვის ვერაფერს გააკეთებდა.
მისივე თქმით, როგორც ჩანს, რუსეთის პრეზიდენტი თავად აღმოჩნდა რუსული არმიის ყოვლისშემძლეობის ილუზიის ტყვეობაში.
"ერთადერთი დადებითი რამ, რაც ამ ომმა მოიტანა, არის ის, რომ ბევრს გაუქარწყლდა ილუზია რუსეთის არმიის ძლევამოსილების შესახებ", - დასძინა ზემანმა ჩეხეთის ტელეარხ CNN Prima News-სთან ინტერვიუში.
ზემანმა ასევე თქვა, რომ პუტინმა ჩაიდინა დანაშაული მშვიდობის წინააღმდეგ, რაც ომის დანაშაულის სინონიმია.
ჩეხეთის ლიდერის თქმით, მოსკოვის მიერ სტრატეგიული ბირთვული იარაღის შესაძლო გამოყენება ნიშნავს, რომ ქვეყანა უარს იტყვის საკუთარ არსებობაზე, რადგან "ამას ნატოს საპასუხო დარტყმა აუცილებლად მოჰყვება".
მილოშ ზემანმა რუსეთის პრეზიდენტი უკრაინაში შეჭრის გამო ჯერ კიდევ ომის პირველივე დღეს უმკაცრესად გააკრიტიკა. მაშინ ზემანმა პუტინს შეშლილი უწოდა და მისი გარესამყაროსგან იზოლირება მოითხოვა.