სომხეთის დედაქალაქ ერევანში მიმდინარეობს ოპოზიციის მიერ ორგანიზებული „დაუმორჩილებლობის აქცია“, სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის გადადგომის მოთხოვნით.
ერევნის ცენტრში ოპოზიციის მიერ გამოცხადებული სამოქალაქო დაუმორჩილებლობის აქციის 189 მონაწილე დააკავეს.
პოლიციის პიკერის ედგარ ჯანოიანის განცხადებით, აქციის მონაწილეებმა გადაკეტეს ქუჩები და არ დაემორჩილნენ პოლიციის კანონიერ მოთხოვნებს.
"რადიო თავისუფლების" სომხური სამსახურის ინფორმაციით, აქციის მონაწილეებმა ერევნის ცენტრში გადაკეტეს ათზე მეტი ქუჩა.
2 მაისიდან სამოქალაქო დაუმორჩილებლობის აქცია გამოცხადდა
1 მაისს, ოპოზიციის ლიდერებმა და მხარდამჭერებმა ერევანში, საფრანგეთის მოედანზე კარვები გაშალეს და განაცხადეს, რომ 2 მაისიდან "დაუმორჩილებლობის აქციებს" იწყებენ. აქციის მონაწილეები პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის გადადგომას ითხოვენ.
ოპოზიციური ფრონტის ლიდერის, სომხეთის ეროვნული ასამბლეის (პარლამენტის) ვიცე-სპიკერ იშხან საღათელიანის განცხადებით, აქციები პერმანენტულ ხასიათს შეიძენს, ვიდრე პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი არ გადადგება.
საპროტესო მღელვარება სომხეთში მას შემდეგ გაღვივდა, რაც სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა გასული თვის შუა რიცხვებში, მთიან ყარაბაღთან დაკავშირებით, ბევრისთვის მიუღებელი განცხადება გააკეთა.
ფაშინიანის განცხადებით, საერთაშორისო საზოგადოება მოუწოდებს სომხეთს, "აზერბაიჯანისთვის 7 რაიონის გადაცემას ამა თუ იმ კონფიგურაციით და მთიანი ყარაბაღის სტატუსის საკითხში თამასის დაწევას".
"დამნაშავე ვარ, რომ ხალხს არ ვუთხარი, რომ საერთაშორისო საზოგადოება ცალსახად აღიარებს აზერბაიჯანის ტერიტორიულ მთლიანობას და მოელის, რომ ჩვენც ვაღიარებთ მას, მოელის, რომ აზერბაიჯანელები, რომელთაც ყარაბაღი დატოვეს, სრულფასოვნად იქნებიან ჩართული მთიანი ყარაბაღის მომავლის განსაზღვრასა და მართვაში. დამნაშავე ვარ, რომ არ ვთვქი ცალსახად, რომ ჩვენთვის შემოთავაზებული სცენარებიც კი არ იყო მისაღები აზერბაიჯანისთვის და საერთაშორისო საზოგადოების წარმომადგენლები, ხან პირდაპირ, ხან დიპლომატიური გზით, ამბობდნენ, რომ ამ ყველაფრის სომხეთის მხარის მიერ მიღების შემთხვევაში, საჭირო იქნებოდა აზერბაიჯანის დარწმუნება, რომ ეს ყველაფერი მათაც მიეღოთ. ყველაფერი ეს ჩვენი ხალხისთვის უნდა წარმედგინა. ამაშია ჩემი ნამდვილი დანაშაული. მიწების გადაცემით, ალბათ, გადავარჩენდი ათასობით სიცოცხლეს, ხოლო არგადაცემით, ფაქტობრივად, გავხდი იმ გადაწყვეტილების ავტორი, რომელმაც ათასობით მსხვერპლამდე მიგვიყვანა“, - თქვა ნიკოლ ფაშინიანმა.