1-ელ მაისს, სომხეთის დედაქალაქ ერევნის ცენტრში, საფრანგეთის მოედანზე პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის გადადგომის მოთხოვნით, გაერთიანებული ოპოზიციის მასშტაბური აქცია გაიმართა.
საპროტესტო აქციაზე, ოპოზიციის ლიდერმა, სომხეთის ეროვნული ასამბლეის (პარლამენტის) ვიცე-სპიკერმა იშხან საღათელიანმა 2 მაისიდან ერევანში სამოქალაქო დაუმორჩილებლობის ფართომასშტაბიანი აქციების დაწყების შესახებ განაცხადა.
საღათელიანის განცხადებით, აქციის მონაწილეები დაშლას არ აპირებენ და ღამეს მოედანზე გაშლილ კარვებში გაათევენ.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, საფრანგეთის მოედანზე შეკრებილ ერევნელებს იჯევანიდან, ტიგრანაშენიდან, არმავირიდან და აპარანიდან ანტისამთავრობო მსვლელობის მონაწილეები შეუერთდნენ.
მედიის ცნობით, შეჩერებულია მანქანების მოძრაობა საფრანგეთის მოედანზე, რომელიც სომხეთის დედაქალაქის ოთხი მთავარი გამზირის დამაკავშირებელი რგოლია.
საპროტესტო მოძრაობას ასევე შეუერთდა ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი არტურ ვანეციანი, რომელიც მანამდე სომხეთის პრემიერ-მინისტრის მკვლელობის მცდელობასა და ძალაუფლების მიტაცების ბრალდებით იყო დაკავებული. მისი თქმით, ნიკოლ ფაშინიანის გადადგომას უერთდება ყველა ოპოზიციური ძალა.
ვანეციანის თქმით, ხელისუფლებაში ოპოზიციის მოსვლის შემთხვევაში ზომები გატარდება აზერბაიჯანთან „ცალმხრივი დათმობების“ თავიდან ასაცილებლად, რუსეთთან ურთიერთობა კი მეტად გაღრმავდება.
საპროტესო მღელვარება სომხეთში მას შემდეგ გაღვივდა, რაც სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა გასული თვის შუა რიცხვებში, მთიან ყარაბაღთან დაკავშირებით, ბევრისთვის მიუღებელი განცხადება გააკეთა.
ფაშინიანის განცხადებით, საერთაშორისო საზოგადოება მოუწოდებს სომხეთს, "აზერბაიჯანისთვის 7 რაიონის გადაცემას ამა თუ იმ კონფიგურაციით და მთიანი ყარაბაღის სტატუსის საკითხში თამასის დაწევას".
"დამნაშავე ვარ, რომ ხალხს არ ვუთხარი, რომ საერთაშორისო საზოგადოება ცალსახად აღიარებს აზერბაიჯანის ტერიტორიულ მთლიანობას და მოელის, რომ ჩვენც ვაღიარებთ მას, მოელის, რომ აზერბაიჯანელები, რომელთაც ყარაბაღი დატოვეს, სრულფასოვნად იქნებიან ჩართული მთიანი ყარაბაღის მომავლის განსაზღვრასა და მართვაში. დამნაშავე ვარ, რომ არ ვთვქი ცალსახად, რომ ჩვენთვის შემოთავაზებული სცენარებიც კი არ იყო მისაღები აზერბაიჯანისთვის და საერთაშორისო საზოგადოების წარმომადგენლები, ხან პირდაპირ, ხან დიპლომატიური გზით, ამბობდნენ, რომ ამ ყველაფრის სომხეთის მხარის მიერ მიღების შემთხვევაში, საჭირო იქნებოდა აზერბაიჯანის დარწმუნება, რომ ეს ყველაფერი მათაც მიეღოთ. ყველაფერი ეს ჩვენი ხალხისთვის უნდა წარმედგინა. ამაშია ჩემი ნამდვილი დანაშაული. მიწების გადაცემით, ალბათ, გადავარჩენდი ათასობით სიცოცხლეს, ხოლო არგადაცემით, ფაქტობრივად, გავხდი იმ გადაწყვეტილების ავტორი, რომელმაც ათასობით მსხვერპლამდე მიგვიყვანა“, - თქვა ნიკოლ ფაშინიანმა.