შეერთებული შტატების თავდაცვის დეპარტამენტის, პენტაგონის სპიკერი ჯონ კირბი ამბობს, რომ რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის უკრაინაში ინტერვენცია "არის ყველაზე ცივსისხლიანი და უზნეო სისასტიკე". კირბიმ ამის შესახებ პენტაგონში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.
ჯონ კირბის აზრით, დასავლეთმა სრულად არ შეაფასა ძალადობის, სისასტიკისა და უზნეობის დონე, რომლითაც რუსეთის პრეზიდენტი უკრაინაში უდანაშაულო ადამიანებს, არამებრძოლებს, მოქალაქეებს დაატყდებოდა თავს.
"მე არ ვარ ფსიქოლოგი და შესაბამისად ვერ ჩავუღრმავდები ვლადიმირ პუტინის ფსიქოლოგიას. რთულია, უყურო იმას, რასაც ის აკეთებს უკრაინაში, რასაც მისი ძალები აკეთებენ უკრაინაში და იფიქრო, რომ რომელიმე ეთიკურმა, ზნეობრივმა ადამიანმა შეიძლება, გაამართლოს ეს. რთულია, უყურო ამ სურათებს და წარმოიდგინო, რომ საღად მოაზროვნე, სერიოზული ბუნების ლიდერს შეეძლო ამის გაკეთება. ასე რომ, მე ვერ ვისაუბრებ ფსიქოლოგიაზე, თუმცა ვფიქრობ, ჩვენ, ყველას შეგვიძლია, ვისაუბროთ მის უზნეობაზე", – განაცხადა კირბიმ.