ყატარის დედაქალაქ დოჰაში ადგილობრივი დამქირავებლის არაკეთილსიდისიერი ქმედების შედეგად საქართველოს მოქალაქეები მძიმე მდგომარეობაში იმყოფებიან და მათზე მორალური ტერორი ხორციელდება.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" ყატარში მყოფმა ნესტორ უგულავამ განუცხადა, დოჰაში დაკავებულია საქართველოს სამი მოქალაქე, რომლებიც მასთან ერთად კონკრეტული კონტრაქტის პირობებში მუშაობდნენ.
ნესტორ უგულავას თქმით, საქართველოს სამი მოქალაქე ადგილობრივმა სამართალდამცველებმა რამდენიმე კვირის წინ დედაქალაქ დოჰაში აიყვანეს და ისინი ამ დრომდე პატიმრობაში რჩებიან.
"მათი დაკავება ყატარელი ალი ხამადა აბდალი ხამადა ალსაიდას დაბეზღების საფუძველზე მოხდა. ეს კაცი ჩვენი დამქირავებელია - სწორედ მისი დახმარებით ვიშოვეთ სამუშაო მიმდინარე წლის ივნისში მე და სამივე დაკავებულმა ერთ-ერთ მშენებლობაზე, საიდანაც საკმაოდ სოლიდური თანხა უნდა აგვეღო. თანხა სამშენებლო კომპანიას ჯერ ალი ხამადა აბდალი ხამადა ალსაიდასთვის უნდა გადაერიცხა, ამ უკანასკნელს კი ჩვენთვის ხელფასი შემდეგ გადაეხადა. თავიდან გვითხრა, რომ ფულს ოქტომბერში მოგვცემდა, თუმცა მოგვატყუა და გარკვეული პერიოდის შემდეგ გვითხრა, რომ მისი ვალი იქით გვმართებდა. რამდენიმე დღის წინ კი სამი ქართველი, რომლებთანაც ვმუშაობდი, მისი წყალობით დააკავეს", - განუცხადა "ჯი-ეიჩ-ენს" ნესტორ უგულავამ.
მისი განმარტებით, საქართველოს მოქალაქეები, რომლის ვინაობის დასახელებისგან ის თავს შეგნებულად იკავებს, დაკავების მომენტში ნასვამები იყვნენ.
"დალევა ადგილობრივი კანონმდებლობით არ ისჯება. მოსამართლემ ჯარიმა 500-500 რეალი დააკისირა, რომლის გადახდის შემდეგაც უნდა გაეთავისუფლებინათ. თანხა გადაიხადილია, თუმცა ისინი დღემდე პატიმრობაში რჩებიან. არ ვიცი რა მიზეზით ხდება მათი ამ დრომდე პატიმრობაში ყოფნა. ზუსტად ვიცი, რომ ეს ჩვენი დამქირავებლის "დამსახურებაა". ისიც გასათვალისწინებელია, რომ ყატარში ლეგალურად ვიმყოფებით", - განმარტა მან.
გარდა ამისა, უგულავა განმარტავს, რომ შესაძლოა, ყატარელმა სამართალდამცველებმა ისიც დააკავონ.
"არ გამოვრიცხავ, რომ ალი ხამადა აბდალი ხამადა ალსაიდას წყალობით ჩემი დაკავებაც მოხდეს, მით უფრო რომ ეს ადამიანი, არ ერიდება არაფერს და იმის გარდა რომ ყოველდღიურად გვიგროვდება მნიშვნილოვანი ვალი, მორალურ ტერორს და შანტაჟს ახორციელებს. ", - განუცხადა უგულავამ "ჯი-ეიჩ-ენს".
ნესტორ უგულავამ ასევე განმარტა, რომ ალი ხამადა აბდალი ხამადა ალსაიდამ მას იძულებით ხელი მოაწერინა გარკვეულ საბუთებზე, რომლის შინაარსი მისთვის უცნობია. ამავე დროს, დამქირავებელი მივიდა დაკავებულ ქართველებთან და უწყისებზე იძულებით ხელი მოაწერინა.
"დაკავებულებმა ხელი ქარტულად მოაწერეს და სიტყვიერად დაწერეს "არასწორია". მისი ერთი ასლი მე მაქვს", _ განმარტავს უგულავა.
მისვე განცხადებით, მას გააჩნია ყველა შესაბამისი დოკუმენტაცია, რომლითაც თვალნათლივ დგინდება ყატარელი დამკვეთის ვალდებულებები.
"ნამდვილად არ ვაპირებ ვიტარების დრამატიზირებას. ფაქტია, რომ ადამიანი არ აპირებს ჩვენთვის შრომის ანაზრაურების გადახდას და უფრო მეტიც, ჩვენსავე შესრულებულ სამუშაოში თანხას აქეთ გვედავება. მე გამაჩნია ყველნაირი მტკიცებულებები, რომელიც ჩვენს სიმართლეს დაადასტურებს", - აცხადებს უგულავა.
უგულავას თქმით, მას ადვოკატის დაქირავებისთვის სათანადო სახსრები არ გააჩნია, რათა მეგობრებს დაეხმაროს და ამავდროულად სასამართლოში სარჩელი ალი ხამადა აბდალი ხამადა ალსაიდას წინააღმდეგ შეიტანოს.
ამასთან, ნესტორ უგულავა იმასაც აცხადებს, რომ აღნიშნულის თაობაზე მან ქუვეითში საქართველოს საელჩოსაც მიმართა (დოჰაში საქართველოს დიპლომატიური მისია არ აქვს), თუმცა ამ დრომდე არავითარი რეაგირება აღნიშნულს არ მოჰყოლია.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში "ჯი-ეიჩ-ენს" განუმარტეს, რომ აღნიშნული ფაქტის შესახებ მათთვის ცნობილია და ქუვეითში საქართველოს საელჩო საკითხზე მუშაობს.
აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენი" მზადაა ყველა დაინტერესებულ უწყებას მიაწოდოს სატანადო ინფორმაცია.
სააგანტო თხოვნით მიმათვას საქართველოს სახალხო დამცველს დაინტერესდეს აღნიშნული ფაქტით და გამოყენოს ყველა შესაძლებლობა საქართველოს მოქალაქეების დასახმარებლად.
აქვე განვმარტავთ, რომ ჩვენთვის ცნობილია დაკავებულთა ვინაობა და მას დაკავებულთა თხოვნის საფუძველზე არ ვახმაურებთ.