„ქართველ სამხედროებს საერთაშორისო პარტნიორების მხარდამხარ მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში წარმატებით შეაქვთ წვლილი გლობალურ მშვიდობასა და უსაფრთხოებაში. რაც მთავარია, თქვენ იცავთ წინაპრების თავგანწირვით მოპოვებულ ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობას და თავისუფლებას. თქვენ ხართ ის ბურჯი, რაზეც დგას ჩვენი სამშობლოს, ჩვენი შვილების მშვიდობიანი მომავალი“, - განცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ვაზიანში, საქართველოს თავდაცვის ძალების დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე, სადაც საქართველოს თავდაცვის ძალების დღე მიულოცა საქართველოს სამხედრო მოსამსახურეებს და ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართა.
პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, საამაყოა, რომ დღევანდელ დღეს ჩვენი თავდაცვის ძალები რთული დავალებების შესასრულებლად შესაბამისად აღჭურვილი, მომზადებული და ბრძოლისუნარიანია. მისი თქმით, საქართველოს თავდაცვის ძალები თავსებადია ნატოს სტანდარტებთან და ამ კუთხით ნატოსთან თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება.
„საქმით, ქვეყნისა და ხალხისადმი ერთგულებით, თქვენ არაერთხელ დაამტკიცეთ, რომ ხართ ჩვენი საზოგადოების ღირსეული წევრები. საქართველოს თანამედროვე ისტორიაში ყველაზე რთულ დროსაც კი თქვენ იდექით იქ, სადაც უნდა მდგარიყო ნამდვილი პატრიოტი და ქვეყანაზე გულანთებული ადამიანი - სამშობლოს, ოჯახის, თითოეული თანამემამულის სიცოცხლის, თითოეული ჩვენგანის უკეთესი მომავლის იმედების სადარაჯოზე. ამიტომაც არის, რომ საქართველოს ჯარი ჩვენი მოქალაქეების განსაკუთრებული პატივისცემითა და სიყვარულით სარგებლობს. საქართველოს უკიდურესად რთულ და დაძაბულ უსაფრთხოების გარემოში უწევს განვითარება. რუსეთის აგრესია უკრაინაში და ჩვენს რეგიონში არსებული არასტაბილურობა რეალურ და არსებით საფრთხეს წარმოადგენს საქართველოსთვის, მთელი ევროპისა და საერთაშორისო წესრიგისთვის. შემაშფოთებელია ასევე ჩვენი ქვეყნის ორ ისტორიულ რეგიონში არსებული მძიმე მდგომარეობა და რუსეთის მიმდინარე ოკუპაცია, აგრეთვე, ჰიბრიდული თავდასხმები და სხვა თანამედროვე გამოწვევები. ეს განამტკიცებს ჩვენს რწმენას ძლიერი თავდაცვის ძალების აუცილებლობის შესახებ. საქართველოს პარლამენტის სახელით, კიდევ ერთხელ გიდასტურებთ ჩვენს სრულ მხარდაჭერას და თანადგომას“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, საქართველოს თავდაცვის ძალების დღის აღნიშვნასთან ერთად, პატივს მივაგებთ საქართველოს ერთიანობისათვის ბრძოლაში და სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპულ სამხედრო მოსამსახურეთა ხსოვნას: „მათი ღვაწლი და დამსახურება საქართველოს წინაშე ფასდაუდებელია, მათი სახელი და გმირობა კი სამუდამოდ დარჩება ჩვენი ერის მეხსიერებაში“, აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.