უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გამოცემა Time-თან რუსეთის შეჭრის პირველ დღეებს იხსნებს და ამბობს, რომ ომის პირველ საათებში მას რთული და სწრაფი გადაწყვეტილებების მიღება მოუხდა საკუთარი თავის და ოჯახის მიმართ.
"მახსოვს იმ ღამის გარკვეული მომენტები. აფეთქებები. ბავშვები. ჩვენ ისინი გავაღვიძეთ. ძალიან დიდი ხმაური იყო, ყველგან აფეთქებები", - იხსენებს ზელენსკი.
ზელენსკის ქალიშვილი 17 წლისაა, ვაჟი - ცხრის. მშობლებს სურდათ მათი გამგზავრება, მაგრამ გათენებამდე გადაწყვიტეს, რომ ოჯახი კიევში დარჩებოდა.
რამდენიმე საათის შემდეგ სამხედროებმა ზელენსკის აცნობეს, რომ კიევში შევიდნენ მედესანტეების ჯგუფები, რომელთა მიზანიც პრეზიდენტისა და მისი ოჯახის განადგურება იყო.
პრეზიდენტის სასახლეში მივიდნენ ზელენსკის უახლოესი მომხრეები, ზოგიერთი მათგანი ოჯახთან ერთად. სასახლეში პარლამენტის სპიკერი რუსლან სტეფანჩუკიც მივიდა, რითიც პრეზიდენტის პროტოკოლი დაარღვია. იმ შემთხვევაში, თუ უკრაინის პრეზიდენტს არ ძალუძს უფლებამოსილების განხორციელება, ძალაუფლება სპიკერის ხელში გადავა. თუმცა, სტეფანჩუკს არ უფიქრია თავის უსაფრთხოებაზე და პრეზიდენტის გვერდით ყოფნა არჩია.
დაცვა აფრთხილებდა, რომ შენობა, სადაც პრეზიდენტის ოფისია განთავსებული, შესაძლოა, უახლოესი საცხოვრებელი სახლებიდან სნაიპერების სამიზნე გამხდარიყო, მაგრამ უკრაინის მთავრობამ იქ დარჩენა გადაწყვიტა. დღის განმავლობაში შენობის გარშემო ბარიკადები აღმართეს. ომის პირველი დღის საღამოსვე შენობაში მყოფებს იარაღი დაურიგდათ. იმავე ღამეს რუსმა სამხედროებმა პრეზიდენტის სასახლის შტურმით აღება ორჯერ სცადეს.
პირველ კვირებში ზელენსკის თითქმის არ ეძინა. ყოველდღე დილის ხუთ საათზე სარდლობის ანგარიშს ეცნობოდა მიმდინარე მოვლენების შესახებ.
როდესაც აშშ-მა და დიდმა ბრიტანეთმა ზელენსკის მისი და მისი ოჯახის ევაკუაცია შესთავაზა, პრეზიდენტის პირადი დაცვა ურჩევდა უარი არ ეთქვა, თუმცა ზელენსკიმ ეს შეთავაზება არ მიიღო.
"ახლა ვფიქრობ, რომ მაშინ მიღებული გადაწყვეტილებები - ზოგი შეგნებული, ზოგი - შემთხვევითი, სწორი იყო", - თქვა ზელენსკიმ.