საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ საქართველოში "ომის პარტიაზე" საუბარი მიუღებელია, რადგან ქვეყანაში არავინაა ომის მომხრე. ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილმა ვაშინგტონში, ქართველ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
"მე მგონია, რომ არ შეიძლება რომ იყოს ლაპარაკი რაღაც "ომის პარტიაზე" საქართველოში, ჩემთვის ეს არ არსებობს, არავინ არ არის ომის მომხრე საქართველოში და მინდა პირადად დავიცვა სახალხო დამცველი, იმიტომ რომ მიმაჩნია, რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ინსტიტუტი. პირველ რიგში, როცა ჩვენ ვამზადებთ იმ კითხვარზე პასუხებს, რომელიც არის ევროკავშირის კითხვარი და არ შეიძლება ასეთი ბრალდებები ისმოდეს.
ასევე არ შეიძლება, მეორე მხრივ, რომ ვიღაცები საუბრობდნენ იმაზე, რომ საქართველოში სანქციების გვერდის ავლით, რაღაც ფორმით, მიდის არასანქცირებული ვაჭრობა. ამ საკითხზეც აქ არ ყოფილა არანაირი ეჭვი და მგონი არავის როლი არ არის, რომ შევქმნათ ეჭვები გარეთ ჩვენი ქვეყნის მიმართ. რამეთუ, ჩვენი ქვეყნის რეპუტაცია არის ჩვენი მთავარი დამცველი სამომავლოდ", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
შეგახსენებთ, "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ გუშინ განაცხადა, რომ “ნაციონალური მოძრაობა“ “ომის პარტიაა“ და მას ქვეყანაში ომის გაჩაღება სურს. მისივე თქმით, "ნაცმოძრაობის" წარმომადგენელია ნინო ლომჯარია, რომელიც საქართველოში ომის გაჩაღების მომხრეა.