როგორც იკვეთება, სააკაშვილი საქართველოში იმისთვის იყო ჩამოსული, რომ დესტაბილიზაცია, ქაოსი და არეულობა მოეწყო, - აცხადებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი ზარქუა.
მისი თქმით, საზოგადოებამ იხილა მიხეილ სააკაშვილის შიმშილობის დადგმული მთელი რიგი სპექტაკლები და შიმშილობის კასკადები თავის აქტივში, გუნდში, თუ სექტაში, რომლის ერთადერთი ამოცანა იყო რაღაც ჯგუფებს შესცოდებოდათ და შემდეგ ხელისუფლების მიმართ მომართვა იქნებოდა, რომ გამოგვეშვა.
"სააკაშვილის ციხეში ყოფნა სამართლიანობისთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯია და მას მისჯილი აქვს საერთაშორისო კანონმდებლობითაც, ადგილობრივი სასამართლოთიც, გარდა ამისა, რისკი არსებობს იმის, რომ საქართველო ჩართული არ იყოს ომში, რომლის პირდაპირი თუ ირიბი მცდელობა აქვთ. რამდენიმე დღის წინ, კიევის ოფიციალურმა წარმომადგენელმა თქვა, რომ სააკაშვილი საქართველოს ხელისუფლებაში რომ იყოს, ომი დაწყებული იქნებოდა, მეორე ფრონტი გახსნილი იქნებოდა და სამწუხაროდ არ არის სააკაშვილი, თორემ სხვა მოცემულობა გვექნებოდაო. საქართველოს ომში ჩართვა არ სჭირდება, მოსახლეობის უმრავლესობა, მათ შორის გამოკითხვებით, ომის წინააღმდეგია, ჩვენ გვჭირდება სტაბილურობა და განვითარება. სააკაშვილის ჯანმრთელობას მოიგონებენ, შიმშილობას თუ სხვა რამეს, ეს კინო უკვე ნანახია და ამაზე ბევრ კომენტარსაც აღარ გავაკეთებ,"- განაცხადა ზარქუამ.