კანადის თემთა პალატამ დაამტკიცა რეზოლუცია, რომლითაც უკრაინაში რუსი სამხედროების მოქმედებები გენოციდად არის აღიარებული.
დეპუტატებმა წარმოდგენილი რეზოლუცია ერთსულოვნად დაამტკიცეს.
"რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ, პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის ბრძანებით, უკრაინელების წინააღმდეგ ჩადენილი სისტემური და მრავალჯერადი სამხედრო დანაშაულებისა და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების მნიშვნელოვანი მტკიცებულებების გათვალისწინებით... კანადის თემთა პალატა აღიარებს, რომ რუსეთის ფედერაცია ახორციელებს გენოციდს უკრაინის ხალხის წინააღმდეგ", - ნათქვამია დოკუმენტში.
რეზოლუციაში აღნიშნულია, რომ რუსი სამხედროების დანაშაულები მოიცავს "მშვიდობიანი მოსახლეობის განზრახ მკვლელობას, ცხედრების შეურაცხყოფას, უკრაინელი ბავშვების რუსეთში იძულებით დეპორტაციას, წამებასა და გაუპატიურებას".
მანამდე, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა.
14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა.