საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი სახელმწიფო მდივნის, მადლენ ოლბრაიტის დაკრძალვის ცერემონიას დაესწრო, რომელიც ვაშინგტონის საკათედრო ტაძარში გაიმართა.
ცერემონიაზე გამოსამშვიდობებელი სიტყვით გამოვიდნენ: აშშ პრეზიდენტი ჯო ბაიდენი, პრეზიდენტი ბილ კლინტონი და ყოფილი სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი.
"მე ძალიან მადლიერი ვარ, რომ საქართველოს პრეზიდენტი დღეს აქაა", - მიმართა აშშ-ს ყოფილმა პრეზიდენტმა ბილ კლინტონმა საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს სიტყვით გამოსვლისას, საჯაროდ მადლობა გადაუხადა მას და გაიხსენა, რომ მადლენ ოლბრაიტს სჯეროდა ყოფილი საბჭოთა კავშირის ყველა რესპუბლიკის მაღალი მორალური პრინციპებისა.
ცერემონიას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან 1400 მოწვეული სტუმარი დაესწრო, აშშ-ის პრეზიდენტები, საგარეო საქმეთა მინისტრები, სახელმწიფო დეპატრამენტის წარმომადგენლები, კონგრესის ორპარტიული დელეგაცია, საერთაშორისო ორგანიზაციების პრეზიდენტები, ნობელის პრემიის ლაურეატები.
დაკრძალვის ცერემონიის დასრულების შემდეგ, დღესვე საქართველოს პრეზიდენტი, მსოფლიო ლიდერებთან ერთად, მადლენ ოლბრაიტის პატივსაცემად გამართულ მიღებას დაესწრება.
მადლენ ოლბრაიტი 23 მარტს გარდაიცვალა 84 წლის ასაკში.