მინისტრმა კობა სუბელიანმა და აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე გია გვაზავამ გლდანში, ხიზანიშვილის ქუჩაზე, დევნილთა საცხოვრებელ კორპუსში მიმდინარე სამუშაო დაათვალიერეს. აღნიშნულ ობიექტში აფხაზეთიდან დევნილი 73 ოჯახი ცხოვრობს. პრეზიდენტის განკარგულების საფუძველზე მათ ფართი საკუთრებაში გადაეცათ. ობიექტი გაზიფიცირებულია, დამონტაჟებულია ელექტროენერგიის ინდივიდუალური მრიცხველები. ამ ეტაპზე მიმდინარეობს შენობის გადახურვა და კანალიზაციის მილების შეცვლა.
"რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ეს ბინები ჩვენი საკუთრებაა, დაგვიკანონეს. ამჟამად მიმდინარეობს შენობის გადახურვა. წყალი ჩამოგვდიოდა, სამინისტროს მივმართეთ, მოვიდნენ და ხედავთ, სამუშაო მიმდინარეობს. წყალგაყვანილობასაც გვიცვლიან. გაზი გვაქვს, ელექტრომრიცხველებიც გაგვიკეთეს და ნორმალურად ვართ, არაფერი გვეთქმის" - აღნიშნა აფხაზეთიდან დევნილმა ნაირა ხარებავამ.
ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მიმისტრის კობა სუბელიანის თქმით: „აქ ცხოვრობენ დევნილები აფხაზეთიდან - სოხუმიდან, ოჩამჩირიდან, გაგრიდან. ეს ფართები დავუკანონეთ, საკუთრებაში გადავეცით. სახურავს და კანალიზაციას ვუკეთებთ, რამდენიმე ოჯახია, რომელსაც ბუნებრივი აირი არა აქვს შეყვანილი. ამასაც გავუკეთებთ და აფხაზეთში დაბრუნებამდე საკუთრებში, მეტ-ნაკლებად უკეთეს პირობებში იცხოვრებენ, ვიდრე მანამდე ცხოვრობდნენ."
მინისტრმა დევნილთა საცხოვრებელი ფართი დაათვალიერა და მათ კითხვებსაც უპასუხა.