დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა განაცხადა, რომ უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი, შესაძლოა, 2023 წლის ბოლომდე გაგრძელდეს.
BBC-ის ცნობით, ჯონსონმა ამის შესახებ ნიუ დელიში, პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ჟურნალისტებმა მას შეკითხვა დაუსვეს, ეთანხმება თუ არა დაზვერვის სამსახურების ცალკეულ შეფასებებს იმის შესახებ, რომ რუსეთის არმიის მიერ უკრაინის ქალაქების დაბომბვა, შესაძლოა, 2023 წლის ბოლომდე გაგრძელდეს.
ჯონსონმა განაცხადა, რომ ეს „რეალისტური ვარაუდია“. მისი აზრით, კატასტროფული მარცხის გამო რუსეთის ელიტას პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის ხელმძღვანელობით უკან დახევა არ შეუძლია, ამასთან, რუსეთის არმიას რაოდენობრივი უპირატესობა აქვს.
ამიტომ ჯონსონის აზრით, რუსები აგრძელებენ არტილერიით უკრაინელების განადგურების საშინელ ტაქტიკას. ამის მიუხედავად, ბრიტანეთის პრემიერი დარწმუნებულია, რომ რუსეთი ვერ შეძლებს უკრაინელების თავისუფალი სულის გატეხვას, როგორიც არ უნდა იყოს მხარეთა საბრძოლო საშუალებების თანაფარდობა.