დღეს ჩვენი აქ ერთად დგომა კიდევ ერთი ძლიერი გზავნილია, რომ თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას არავინ დათმობს, - თქვა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში, სადაც მან საქართველოში ვიზიტით მყოფ აშშ-ის კონგრესის დელეგაციასთან ერთად ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობის 30-წლიანი ისტორიის ამსახველი გამოფენა გახსნა.
ზურაბიშვილმა მანამდე დელეგაციის ხელმძღვანელთან კრის კუნსთან ერთად გააკეთა განცხადება.
„საქართველოს კარგად ესმის თუ რას ნიშნავს ომი, ოკუპაცია და თავისუფლებისთვის ბრძოლა. ესმის სოლიდარობის ფასი და ამიტომ დღეს ვნების კვირის დიდ ხუთშაბათს, როცა მარიუპოლი ალყაში მოქცეული ახალ სტალინგრადად აქციონ და აწამონ უნდათ, მინდა აქ და თქვენი თანდასწრებით გამოვუცხადო უკრაინელ ხალხს საქართველოსგან კიდევ ერთხელ სრული თანადგომა", - თქვა პრეზიდენტმა და აღნიშნა, რომ აშშ-ის კონგრესის დელეგაციის ვიზიტი ხაზს უსვამს იმას, რომ აშშ საქართველოს არ ივიწყებს.
„დღეს, როგორც არასოდეს თქვენი მხარდაჭერა ჩვენი ორ ქვეყანას შორის მყარი ურთიერთობა სასიცოცხლოდ სჭირდება საქართველოს. თქვენი აქ ჩამოსვლით გვიდასტურებთ, რომ საქართველოს და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის სტრატეგიული პარტნიორობა სიტყვა კი არა, რეალობაა, რომ საქართველო რჩება თქვენი ყურადღების ქვეშ, რაც ჩვენთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი. თუმცა ასევე დარწმუნებული ვარ, რომ თქვენი აქ ჩამოსვლა მხოლოდ ამ 30 წლის თარიღს არ უკავშირდება. ეს მსოფლიო უსაფრთხოებას უკავშირდება და მშვიდობა უპრეცედენეტო გამოწვევის წინაშეა. დღეს უკრაინა არა მხოლოდ საკუთარი სუვერენიტეტისა და თავისუფლებისთვის იბრძვის, რუსეთის ტოტალური აგრესიის წინააღმდეგ, არამედ ის ასევე ჩვენი და მთელი ევროპის თავისუფლებისა და მშვიდობისთვის იბრძვის. ყველა ვხედავთ თუ რაოდენ შემართებით უმკლავდება ის აგრესიასა და აგრესორს", - თქვა პრეზიდენტმა.
მისივე თქმით, ეს ვიზიტი გზავნილია იმისა, რომ თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას არავინ დათმობს.
„ამერიკის როლი დიდია რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის გამყარებაში. ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობა სწორედ ამ მიზანს ემსახურება. მნიშვნელოვანია, რომ ერთად ვიზრუნოთ შავი ზღვის უსაფრთხოებაზე და კავკასიის რეგიონის სტაბილურობაზე. თქვენი მხარდაჭერა მნიშვნელოვანია, როდესაც საქართველო უკრაინასა და მოლდოვასთან ერთად ემზადება ევროპული ინტეგრაციის ახალი გადამწყვეტი ეტაპისთვის. თქვენი მხარდაჭერა საკვანძო იქნება მადრიდის NATO-ს სამიტზე, რათა ღია კარის პოლიტიკას მიეცეს ახალი ბიძგი და ახალი პერსპექტივა", - თქვა საქართველოს პრეზიდენტმა.